წამების კადრები

NGO-ები წამების კადრებზე: ჩანაწერები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება

უკრაინულ ვებგვერდზე წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას, ასევე, თბილისსა და ზუგდიდში მათ საჯარო ჩვენებას ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. მათი შეფასებით, წამების და გაუპატიურების კადრების გავრცელებამ დაადასტურა ის, "რომ შესაბამისი უწყებები ვერ უზრუნველყოფენ მათზე დაკისრებული მინიმალური ვალდებულებების შესრულებას და ვერ ახერხებენ ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველი მასალის სათანადოდ დაცვას". როგორც NGO-ები აღნიშნავენ, "მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მსგავსი ჩანაწერები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება".

არასამთავრობოების შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენება, რომელიც პროექტორების მეშვეობით ქალაქების, ზუგდიდისა და თბილისის ცენტრებში გაიმართა.

"შედეგად, აღნიშნული კადრების ნახვა ნებისმიერ გამვლელს, მათ შორის არასრულწლოვანსაც, შეეძლო. როგორც მედიაში წარმოდგენილ კადრებში ჩანს, ზუგდიდში გამართულ ჩვენებაში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ზუგდიდის მერის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წამების ამსახველი კადრების ჩვენების ორგანიზატორი მერია არ ყოფილა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში და მათ მიერ გაკეთებული შეფასებები კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს, რომ გავრცელებული ვიდეოები გამოიყენება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად.

კადრების გავრცელებამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონულ ოფისებთან (ბათუმი, ქუთაისი, გორი, გურჯაანი, ახალციხე და სხვა) საპროტესტო აქციების ორგანიზება განაპირობა. საპროტესტო აქციები მოქალაქეთა ჯგუფებისა და მთავრობასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული. ზოგიერთ აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იზრუნოს საქართველოში მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე. საზოგადოებაში დამატებითი აგრესიის დანერგვით, სიძულვილის ტირაჟირებით შეუძლებელია ქვეყნისა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარება. თითოეულ პოლიტიკურ ძალას უნდა ახსოვდეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. სწორედ ეს უნდა იყოს მათი მამოძრავებელი ძალა და არა მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესები, რომლებიც მოკლევადიან ეფექტზეა გათვლილი და კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ წინასაარჩევნოდ საკუთარი პოზიციების გამყარებას ემსახურება.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საჯარო სივრცეში კადრების ჩვენებით განუსაზღვრელი წრისთვის, მათ შორის არასრულწლოვნებისთვისაც, ხელმისაწვდომი ხდება ამგვარი ძალადობის შემცველი კადრების ნახვა. სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს არასრულწლოვნების დაცვა ამგვარი მავნე ზეგავლენისგან. გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბავშვების, როგორც განსაკუთრებული ჯგუფის დაცვის საჭიროებაზე, მათი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გათვალისწინებით. ამავე დროს, კონვენცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს შეიმუშაონ იმ სახის ინფორმაციისა და მასალებისგან ბავშვთა დაცვის მექანიზმები, რაც შესაძლოა საზიანო იყოს ბავშვთა კეთილდღეობისთვის, ასევე მათი ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის", - აცხადებენ არასამთავრობოები და მოუწოდებენ ხელისუფლებას, იზრუნოს იმაზე, რომ ადამიანების წამებაში მონაწილე ყველა პირმა სათანადოდ აგოს პასუხი მართლმსაჯულების წინაშე.

" პასუხისმგებლობა იმ პირებსაც უნდა დაეკისროთ, ვინც აღნიშნული სისტემის (პატიმრების წამება და უკანონო ფარული მიყურადება) შექმნაში მიიღო მონაწილეობა; ასევე, ხელისუფლებამ საზოგადოებას დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია წამების ფაქტების გამოძიებების შედეგების, დამდგარი პასუხისმგებლობის ზომებისა და წამების მსხვერპლთა მიმართ გატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ. უნდა შექმნას ამგვარი ქმედებების ეფექტური პრევენციის სისტემა და უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის პირადი ინფორმაციის  დაცვის ეფექტური მექანიზმები. როგორც ჩანს, საქართველოში მსგავსი სისტემა არ არსებობს, ზუსტად ამის გამო, კვლავ საფრთხეშია ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; მსგავს ფაქტებზე საჯარო სივრცეში მსჯელობის დროს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს წამების მსხვერპლთა ინტერესები. ეფექტურად გამოიძიონ წამების ამსახველი კადრების გავრცელების და საჯაროდ ჩვენების ფაქტები. შექმნას დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიებს სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულს, დროულად გამოავლენს და პასუხისგებაში მისცემს დამნაშავე პირებს და უზრუნველყოფს ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გარეშე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულთა გამოძიება მიკერძოების განსაკუთრებულად მაღალ რისკს შეიცავს. ამასთანავე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებს პატივი სცენ წამების მსხვერპლთა უფლებებს და ნუ მოახდენენ ამ თემის პოლიტიზებას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, იდენტობა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო ჩართულობის სააგენტო (სიდა), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი.

კომენტარები