წამების კადრები

NGO-ები GNCC-ს: ობიექტივი წამების კადრებს ყოველდღიურად ეთერში გადასცემს

არასამთავრობო ორგანიზაციები კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავენ, რეაგირება მოახდინოს მედიაკავშირ ობიექტივის ეთერში წამების კადრების ყოველდღიურ გადაცემასთან დაკავშირებით. NGO-ების შეფასებით, ძალადობის ამგვარი წახალისება სახიფათოა საზოგადოებისთვის და წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"19 ოქტომბრიდან, მედიაკავშირ ობიექტივის ეთერში, ყოველდღიურად გადაიცემა სამეგრელოში აღმოჩენილი წამების კადრების ფრაგმენტები. ცხადია, ძალადობის და დანაშაულის მხილება საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, მაგრამ მედიას შეუძლია ეს ფუნქცია აუდიტორიის გრძნობებით მანიპულირების და ადამიანის ღირსების შემლახავი კადრების პერმანენტულად და კამპანიურად გავრცელების გარეშე შეასრულოს. ამგვარი ქმედებები საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას და ძალადობისკენ წაქეზების პირდაპირ საფრთხეს ქმნის, რისი მხილველიც ბოლო დღეებში საზოგადოება გახდა და რამაც შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას შეუწყოს ხელი.

მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლი აწესებს პროგრამულ შეზღუდვებს, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, "იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის." ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, "იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას."

არხის წამყვანი ასევე პირდაპირ ეთერში აკეთებს განცხადებებს, რომლითაც ძალადობას ამართლებს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ პირდაპირი ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს. ვთვლით, რომ ძალადობის ამგვარი წახალისება, რასაც კამპანიური ხასიათი აქვს და სცილდება საზოგადოების პრობლემებზე ინფორმირების ამოცანას, სახიფათოა საზოგადოებისთვის და წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას. მოგიწოდებთ, რეაგირება მოახდინოთ აღნიშნულ ფაქტზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი, საფარი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), იდენტობა, მედია კლუბი, არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი და საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS).

კომენტარები