წამების კადრები

ომბუდსმენი კადრებზე: დაუსჯელობა ხელს უწყობს ახალი მასალების გავრცელებას

radiotavisupleba.ge/

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბოლო პერიოდში წამების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "მსგავსი პროცესების განვითარებას" წლების განმავლობაში გამოძიების გაჭიანურება უწყობს ხელს.

"ჩვენ განცხადება უკვე გავაკეთეთ, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება უშუალოდ ამ კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც იმ კონკრეტული ძალადობის შეცველი და წამების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა წლების წინ და ეს გამოძიება უნდა იყოს ეფექტური.

ფაქტია, რომ ეს გამოძიება გრძელდება უკვე წლების განმავლობაში და დამაკმაყოფილებელი შედეგები არ არის მიღებული კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და ეს, სამწუხაროდ, ხელს უწყობს მსგავსი პროცესების განვითარებას.

როდესაც არავინ ისჯება კონკრეტული დანაშაულისთვის, შესაძლოა, ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად მომავალში სტიმულს აძლევს ახალი დანაშაულის შემცველი მასალების გავრცელებას და აქედან გამოსავალი არის, რომ მოხდეს რეაგირება და გამოვლინდნენ კონკრეტული პირები, რომლებსაც ამ კადრების გავრცელებაში მიუძღვით ბრალი", - ამბობს ომბუდსმენი.

კომენტარები