წამების კადრები

პრეზიდენტი სამართალდამცავებს: წამების ფაქტებზე საზოგადოებას ანგარიში ჩააბარეთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და მოუწოდებს, წამების ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოებას ანგარიში ჩააბარონ. ამის შესახებ პრეზიდენტმა სახალხო დამცველთან უჩა ნანუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ბატონ უჩასთან ვისაუბრეთ ამ საქმის შესახებ. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, როდესაც ფაქტობრივად ყოველდღე ჩვენ ვხედავთ ახალ ამაზრზენ ვიდეოებს. ეს ის სტრესული გარემოა, რომელშიც საზოგადოება ცხოვრობს. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობის, სადიზმის ყველა ფორმას და აგრეთვე ამ ინფორმაციის ტირაჟირებას. ამასთან ერთად, მინდა მივმართო ყველა სამართალდამცავ ორგანოს, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, ჩააბარონ ანგარიში საზოგადოებას ამ კატასტროფულ ვიდეოებში ასახული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ, არ იყო ერთეული, არამედ ეს იყო სისტემური. რამდენი ადამიანის მიმართ წარმოებდა ან წარმოებს სამართლებრივი დევნა, რამდენი ადამიანია პასუხისგებაში მიცემული. იმისთვის, რომ ჩვენში გამყარდეს განცდა, რომ სადისტები და მოძალადეები არიან დევნილნი სამართლიანად და მათ საზოგადოება, ისევე როგორც პოლიტიკური სისტემა, არასდროს შეუნდობს იმას, რაც კეთდებოდა და რაც ვნახეთ ამ კატასტროფულ ვიდეოებში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით კი, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა იმაზე, რომ წამების ფაქტების გამოძიების საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს. მისივე განცხადებით, უნდა შეიზღუდოს კადრების გავრცელება.

"მოლოდინი არსებობს საზოგადოებაში და გამოძიებული აქამდეც უნდა ყოფილიყო არაერთი საქმე წამების, რისი მოთხოვნაც საზოგადოებისგან არსებობს და ეს საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს. ამავე დროს, უნდა შეიზღუდოს იმ კადრების გავრცელება, რომელიც ბოლო პერიოდში ვრცელდება ყველა მეთოდის გამოყენებით, რადგან მას უკუეფექტი აქვს და შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მეტ რისკს აჩენს საზოგადოებაში დაძაბულობის კერების შექმნის და დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალაციის. ამიტომ ეს ორი მნიშვნელოვანი თემა, ის რომ აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს გამოძიება და პროცენტულად მხოლოდ მცირე ნაწილია რეალურად გამოძიებული და სამწუხაროდ მხოლოდ ერთეული საქმეები არის დასრულებული წამების და არასათანადო მოპყრობის. სწორედ ეს არის ჩვენი მოთხოვნაც, რომ ეს საქმეები ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული და პარალელურ რეჟიმში უნდა შეწყდეს ამ კადრების გავრცელება", - თქვა ნანუაშვილმა.

კომენტარები