რუსთავი 2-ის საქმე

იზორია: შეთქმულების მუხლით გამოძიება გრძელდება, დაიკითხება ყველა საჭირო პირი

police.ge

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ენმ-ის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აგრძელებს. როგორც უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორიამ ბრიფინგზე თქვა, გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 315-მუხლით. 

"კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 24 ოქტომბერს უკვე დაიწყო გამოძიება სსკ 315 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უკვე გატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით. ასევე მოხდება ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა საჭირო პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით", - თქვა იზორიამ.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, უსაფრთხოების სამსახურმა დახმარების მიღების მიზნით უკრაინის შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

კომენტარები