შუალედური არჩევნები 2015

ცესკო: 20:00 საათისთვის აქტივობა საგარეჯოში 34.43%-ია, მარტვილში - 40%

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შუალედური არჩევნების დასრულების შემდგომ ხმის დათვლის პროცესი უკვე დაწყებულია. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, 20:00 საათისთვის საგარეჯოში ამომრჩეველთა 34.43%-მა მიიღო მონაწილეობა, მარტვილში 40%-მა, დმანისში - 35%-მა, ვანში - 47,57%-მა, ხოლო ხობში - 54,14%-მა.

კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 16 საჩივარი შევიდა, აქედან მარტვილში - 12, ხოლო საგარეჯოში - 4.

"მინდა, ავღნიშნო, რომ ორივე ოლქში შეტანილი საჩივრები მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათ უმრავლესობაზე საარჩევნო ადმინისტრაციამ დროულად მოახდინა რეაგირება. საოლქო საარჩევნო კომისიები ასევე იმსჯელებენ და თითოეულ საკითხზე შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ",- თქვა ცესკოს სპიკერმა.

როგორც ცესკოში აცხადებენ, წინასწარი შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

პარლამენტის შუალედური არჩევნები დღეს ჩატარდა. არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში ჩატარდა. საგარეჯოში მაჟორიტარობისთვის იბრძვიან თამარ ხიდაშელი (ქართული ოცნება), ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი), ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი - ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია. რაც შეეხება მარტვილს, აქ სულ ორი კანდიდატია რეგისტრირებული - ეთერ მეძველია პატრიოტთა ალიანსიდან და სოსო დანელია ქართული ოცნებიდან. არჩევნების შედეგებით გაირკვევა, 2016 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს რომელი 2 ახალი მაჟორიტარი დეპუტატი შეემატება.

საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში. 

შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და მასში არ მონაწილეობდნენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცური პარტიები. მათი მთავარი პრეტენზია "უსამართლო საარჩევნო სისტემასა" და არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტს ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩევნები 2012 წელს მიღებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, 2012 წლის არჩევნების დროს დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩატარდა, მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 28 მაისს არაკონსტიტუციურად ცნო ქვეყანაში მოქმედი მაჟორიტარული სისტემის მოდელი.

საგარეჯოში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი გახდა. მარტვილის ოლქიდან არჩეული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნაული ჯანაშია კი გარდაიცვალა.

კომენტარები