ფარული ჩანაწერები

ნოდია: საუკეთესო გამოსავალია, სააკაშვილი ამ ეტაპზე უკრაინული პოლიტიკით დაკავდეს

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ძლიერი მხარეცაა და სუსტიც. ის რჩება მის ყველაზე ქარიზმატულ და ძლიერ ლიდერად, ქართულ პარტიებს კი ასეთი ლიდერებისგან დაშორება უჭირთ, მათ შორის ჯერჯერობით ყველაზე განვითარებულ პარტიას. მის სახელთანაა დაკავშირებული ყველაზე წარმატებული პერიოდი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ამავე დროს, ის პარტიის სისუსტეა ორი მიზეზით. პირველი: პარტიას იმიჯის განახლება სჭირდება, ამას კი ლიდერის გამოცვლა უნდა. მეორე: უცხოეთში მყოფი ლიდერი ნამდვილი ლიდერი ვერ იქნება, პარტიას ტელეფონით ვერ მართავ. ამის შედეგია ლიდერობის დეფიციტი, რომელიც ბოლო ხანებში პარტიას აშკარად ეტყობა.

როგორც ბოლო ჩანაწერები მოწმობს, მინუსები სულ უფრო აჭარბებს პლუსებს. აშკარაა, რომ სააკაშვილმა უაღრესად უხერხულ ვითარებაში ჩააყენა საკუთარი თავიც, თავისი პარტიაც, „რუსთავი-2"-ც და, გარკვეული აზრით, უკრაინის მთავრობაც. აქ საუბრის შინაარსიც იგულისხმება და ის ბავშვური სისულელეც, როდესაც ასეთ რამეს ტელეფონით ლაპარაკობ. გამოჩნდა, რომ ადამიანი ადექვატურად ვერ აღიქვამს საქართველოს დღვანდელ რეალობას. ეს სრულიად ბუნებრივია: მეც ვყოფილვარ დიდი ხნით საზღვარგარეთ (თუმცა არა ამდენად დიდი ხნით), ამ დროს გეკარგება ქართული რეალობის განცდა, და ამას მხოლოდ ინტერნეტი არ შველის (მეც ორი დღეა, წამოსული ვარ და ამას სეულიდან ვპოსტავ, იმედია, მეც უკვე არ მოვწყდი რეალობას :)).

ერთი პოზიტიური, რაც ჩანაწერებმა ცალსახად აჩვენა, ისაა, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ არის ერთი ლიდერის პარტია, რომ მისი წამყვანი ფიგურები (თუ გნებავთ, გვარამიაც ასეთად ჩავთვალოთ) სულაც არ დადიან „მიშას დაკრულზე", მისი სიტყვა კანონი სულაც არ არის. მიშამ რაღაცა თქვა, მაგრამ ვინც ამ წუთში საქართველოშია, იმან უკეთ იცის, რა გააკეთოს. ასეც უნდა იყოს, ეს პარტიის მეტ მოწიფულობას მოწმობს.

რაც შეეხება „რევოლუციურ სცენარს". ეჭვი არ მეპარება, რომ ივანიშვილის პოლიტიკური ხედვა (რამდენადაც ის საერთოდ არსებობს) ცალსახად ავტორიტარულია და მთავრობა მეთოდურად ცდილობს ჩაკლას ძალის (არა მხოლოდ პოლიტიკურის) ყველა ალტერნატული ცენტრი. ზოგჯერ გამოსდის, ზოგჯერ არა, მაგრამ თუ დასცალდა, გამოუვა. „რუსთავი-2"-ის წართმევა ამის განსაკუთრებით თვალსაჩინო გამოხატულებაა. „ესენი არჩევნებით არ წავლენ" ემოციაც მესმის. მაგრამ, ჯერ ერთი, ზუსტად იმავეს ამბობდა წინა ოპოზიცია ნაციონალების ხელისუფლებაზე - აღმოჩნდა, რომ შეცდა. თეორიულად, რაღაც გაურკვეველ მომავალში, ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ დღეს ყოველგვარ რევოლუციურ სცენარებზე ლაპარაკი, მებისმიერ ფორმატში, პოლიტიკური სიბეცეა. ეს არც არსობრივადაა გამართლებული და საზოგადოების განწყობის შეუფასებლობასაც ნიშნავს. დღეს რამე ამდაგვარის მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ „ქოცნების" პროვოკაციაზე წამოგებაა, სხვა არაფერი.

საუკეთესო გამოსავალია მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე საკუთარი ინიციატივით ჩამოშორდეს საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობას და დაკავდეს უკრაინული პოლიტიკით. ორივე ერთად არ გამოდის. საბოლოო ჯამში, ეს საქართველოში მისი პირადი სამომავლო პოლიტიკური პერსპექტივისთვისაც უკეთესია.

ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მან მორალური სოლიდარობა გამოუცხადოს პარტიას და მის ხელმძღვანელობას: პირიქით, ეს გააძლიერებს პარტიას. მაგრამ არც სიმბოლურად და არც რეალურად ის არ უნდა მოიაზრებოდეს მის სათავეში.

პოლიტოლოგი გია ნოდია მიმდინარე მოვლენებს Facebook-ის გვერდზე ეხმაურება

კომენტარები