თეორემა

"თვითმკვლელი ღვთისმშობელი" და გამოხატვის შეზღუდვის საფრთხეები

სანამ რამდენიმე თვეა ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად იბრძვის ივანიშვილის რეჟიმისგან თავისუფლების დასაცავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი დუმს, კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გამონახა დრო ილიაუნიში რამდენიმე საათით გამოკიდებული ნამუშევრისთვის საკვირაო ქადაგება მიეძღვნა.
პატრიარქმა თქვა, რომ მიდგომილი, ანუ ფეხმძიმე ღვთისმშობლის გამოსახულება, საფეთქელზე მიბჯენილი იარაღით, არის ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ყველას კარგად გვახსოვს მეფის რუსეთის მიერ შეთეთრებული სვეტიცხოვლის ფრესკები, ნაძარცვი საეკლესიო ქონება, გადასახლებული და ილია მეორის მოკლული წინამორბედები, ტოტალიტარულ რეჟიმთან კოლაბორაციონისტი სასულიერო ლიდერები.

მომეტლახებული სვეტიცხოველიც შევნიშნეთ და საპატრიარქოს მიერ ხელოვნურად გაჭიანურებული მოლაპარაკებების გამო ჩამონგრეული ოშკის ხმაც გავიგონეთ. ისიც ვნახეთ, როგორ კარგავს ქართველი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობა სახეს, როცა საპატრიარქო მის აღდგენას მოითხოვს, ხოლო ლეგიტიმაციის მსურველი ხელისუფალი უჯერებს.

ქართველი ხალხისა და კაცობრიობის მტრების, სტალინისა და პუტინის ქებაც რომ იქით იყოს და რომან ფიფიას ფრესკაც მარტორქის თავთან ერთად, გვერდს მაინც ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ქრისტიანთა ღმერთის ერთადერთ ნამდვილ ხატსა და მსგავსს, ცოცხალ ტაძარს, ადამიანს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები წლებია შეურაცხყოფენ.
ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, ვერც ერთი ტილო და ქანდაკება, ღვთის სახეს ისე სრულყოფილად ვერ გადმოსცემს, როგორც თუნდაც ყველაზე ცოდვილი ადამიანი. ღვთის შეურაცხყოფა მისი არაკონონიკური გამოსახვით შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია, თუ ტაბურეტით ადამიანებზე საძალადოდ ჯგუფურად დარბიხარ.

ვიცნობთ რა ექსტრემისტული რელიგიური ჯგუფების მიერ ორგანიზებულ არაერთ მკრეხელობას ღვთის ხატთა ანუ ადამიანთა წინააღმდეგ, ადვილი მისახვედრია, რომ არტისტ ლია უკლებას სიცოცხლე, პატრიარქის ამ ქადაგების შემდეგ საფრთხეშია.

კომენტარები