საქართველო-უკრაინა

ბერიტაშვილი: არ უნდა იფიქრო, ვის სწერ? უკრაინამ არ გააძევა პანღურით იანუკოვიჩი?

რა საყვარელი და გულუბრყვილო ხალხი ვართ ქართველები! სულ არ გვახასიათებს ვირეშმაკობა, განსაკუთრებით კი ჩვენს მთავრობას.

ისევე, როგორც ბოსტონის Tea-Party-დან დაიწყო შტატების ისტორია; როგორც "დიდმა ოქტომბრის რევოლუციამ" შვა საბჭოთა კავშირი, ისე თანამედროვე უკრაინული სახელმწიფო იწყება მეიდნიდან. ტერმინი "ნარინჯის რევოლუცია", რომელიც აპანიკებს და აზანზარებს ყველა პოსტსაბჭოთა დიქტატორს, პირველ რიგში, პუტინსა და ივანიშვილს, სწორედ კიევის მეიდნიდან წამოვიდა და მოედო მთელ მსოფლიოს.

ჩვენმა ბრძენმა (მიაქციეთ ყურადღება, ბრჭყალებში არ ვსვამ!) მთავრობამ, მიმართა წერილით "მეიდანის ქვეყანას"- უკრაინას. წერილში ნათქვამია, რომ ჩვენ აღშფოთებული ვართ სააკაშვილის, არ ვიცით, კანონიერად თუ უკანონოდ მიყურადებული საუბრებით, რკინის კონსტრუქციების ბარიკადების მოწყობაზე R2-ის გარშემო და იგივე R2-თან ფიზიკურად ძლიერი ადამიანების მობილიზაციაზე. ამ მობილიზაციის მიზანია, არც მთავრობის კანცელარიის და არც პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება (თუმცა, ეგ ბოლო ობიექტი გინდ აგიღია, გინდ არა) - არამედ სახელმწიფოსგან რუსთავი2-ის რეიდერული წართმევისაგან დაცვა!

კი მაგრამ, ვის სწერ, რას სწერ, არ უნდა იფიქრო? ეს უკრაინა არ იყო, რომ ერთსულოვნად წინ გადაუდგა პარლამენტის აგრესიულ-მორჩილი უმრავლესობის ანტიკონსტიტუციური "დრაკონული კანონების" მიღებას, რომლებიც მწვანე შუქს უნთებდნენ უმკაცრეს რეპრესიებს ქუჩის პროტესტანტების წინააღმდეგ? უკრაინის ხალხმა არ გააძევა პანღურებით ევროკავშირის „გადამგდები“, პუტინის ერთგული ლაქია და კონსტიტუციის მრავალგზის უზურპატორი იანუკოვიჩი, მის გაუმაძღარ ბანდასთან ერთად? ან სადღაა ის "უშიშარი" საპარლამენტო უმრავლესობა, სულ რომ პროვოცირებდა მოსახლეობას, ხოლი იანუკოვიჩის ყოველ "ხურუშტს" ერთხმად უკანონებდა; ან სად არის კრემლისა და გაზპრომის მაამებელი "უერთგულესი" აზაროვის მთავრობა? რაიმე პარალელები ხომ არ მოგდით თავში?

იქნებ მისამართი შეგეშალათ, თქვე დალოცვილებო? თუ გინდოდათ თქვენი შეშფოთების მყისიერი, გარანტირებული და გულწრფელი გაზიარება, აგერ არ არის სანდო ადრესატი --მოსკოვი, სადაც დარეგისტრირებულია თქვენი უკანონო მიყურადების აუდიოშედევრებისათვის განკუთვნილი ფსბ-ს სერვერი? არ ჯობდა "ბრძენი" პუტინის ან მედვედევის სახელზე.მიგეწერათ წერილი - ჯილდოსაც გამოგიწერდნენ, დებილი ევროპელებივით კი არ გაიპრანჭებოდნენ - ეგრევე, უპრობლემოდ "ჭეშმარიტ დემოკრატებად" გაღიარებდნენ; თითო სატელეფონო ზარზე კი სამ-სამ სისხლის სამართლის საქმესაც აღძრავდნენ...

აი, ეს არის ნამდვილი მეგობრობა! ვის უნდა ეს ნაციონალებისგან მოსყიდული ევროპის სახალხო პარტია, ან გამოკითხვების გამყალბებელი NDI! მხოლოდ ერთმორწმუნე „ედინაია როსია“ არის საქართველოს მფარველი და ოცნების ჭეშმარიტი მეგობარი!

მაააშ!

წერს პოლიტოლოგი დავით ბერიტაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები