რუსთავი 2-ის საქმე

ეუთო-ს წარმომადგენელი: რ2-ზე ზეგავლენის მცდელობა კანონის ბოროტად გამოყენებაა

დუნია მიატოვიჩი
OSCE

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის დუნია მიატოვიჩის მოსაზრებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მენეჯმენტის შეცვლასთან დაკავშირებით, მთავარი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას და მთლიანად მედიათავისუფლებას ქვეყანაში საფრთხეს უქმნის.

"მოსამართლის მიერ დანიშნულ დროებით მმართველებს დაევალათ, შეეცვალათ არხის სარედაქციო პოლიტიკა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 უნდა აშუქებდეს ისეთ თემებს, რაც საზოგადოებას აინტერესებს, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი სამართლებრივი დავა გააშუქოს, რაც, სავარაუდოდ, ტელეკომპანიის რეიტინგსა და ფინანსურ კეთილდღეობაზე აისახება", - ამბობს მიატოვიჩი.

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სარედაქციო გადაწყვეტილებები არა სასამართლოში, არამედ ნიუსრუმებში უნდა მიიღებოდეს.

"სასამართლოს მცდელობა, არხის სარედაქციო პოლიტიკაზე არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული საფუძვლების ბოროტად გამოყენების გარდა არაფერია", - თქვა მიატოვიჩმა.

დუნია მიატოვიჩი მოუწოდებს სასამართლოს, პატივი სცეს რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

კომენტარები