საკადრო ცვლილებები მერიაში

2030-ის წევრი და ელიტა ბურჯის ყოფილი თანამშრომელი მერიის მაღალჩინოსნები ხდებიან

amerikiskhma.com

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ელიტა ბურჯის დირექტორის ყოფილი მოადგილე გივი კუბლაშვილი წარადგინა. ელიტა ბურჯი ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული სამშენებლო კომპანიაა, რომლის მფლობელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული. ელიტა ბურჯის აშენებულია ბიზნესცენტრი, მიმდინარე პროექტი ურეკის საკონცერტო დარბაზია. გავრცელებული ინფორმაციით, "პანორამა თბილისსაც" ელიტა ბურჯი ააშენებს. ეს კომპანია ქართული ოცნების კონტრაქტორი იყო.

"ნამდვილად ვმუშაობდი ელიტა ბურჯში. ვიყავი დირექტორის მოადგილე. ასევე ვხელმძღვანელობდი შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს და ასევე სასაწყობო მეურნეობას. ჩემს გეგმებზე მოგვიანებით და დაწვრილებით მოგახსენებთ", - თქვა კუბლაშვილმა.

თბილისის მერი დავით ნარმანია კი გივი კუბლაშვილის წარდგენას დიდი ხნის ნაცნობობით ხსნის.

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსობის კანდიდატი საზოგადოება 2030-ის წევრი ნოდარ ჭიჭინაძეა. ის GDS-ის გადაცემა 2030-ში ექსპერტის სტატუსით ხშირად მონაწილეობდა.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად დავით ნარმანიამ გიორგი ბაგრატიონი წარადგინა. 

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საკრებულოს ირაკლი გვილავას კანდიდატურა წარადგინა.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი საკრებულოს ნინო სულხანიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

რაც შეეხება ვაკის რაიონის გამგებლის ვაკანტურ პოსტს, აღნიშნულ თანამდებობაზე დედაქალაქის მერმა ნოდარ ტურძელაძე წარადგინა.

კანდიდატურები საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს გადაეგზავნება.

კომენტარები