ვიზალიბერალიზაცია

დიპლომატთა კლუბი: ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას პრემიერი ცრუობს

დიპლომატთა კლუბი აკრიტიკებს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. კლუბის წევრები შეშფოთებული არიან, რომ ხდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვის მცდელობა და ფაქტების დამახინჯება. დიპლომატთა კლუბის განცხადებით, ევროპული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის მიზანია და პრემიერმინისტრის მხრიდან იმის მტკიცება, რომ უვიზო მიმოსვლაზე ევროკავშირთან დიალოგი საქართველოს დღევანდელი მთავრობის ინიცირებული და განხორციელებულია, ვერანაირ პოზიტიურ შედეგს ვერ მოუტანს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას.

"დიპლომატთა კლუბი თავს მოვალედ მიიჩნევს გამოეხმაუროს პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ეხებოდა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს. საქართველოს დიპლომატთა კლუბისთვის, მისი თითოეული წევრისთვის, საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირში, მათ შორის უვიზო მიმოსვლის, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დამყარების მეშვეობით, წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის და ასევე სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი ჩვენგანი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებდა და დღემდე აკეთებს იმისათვის, რომ აღნიშნული პროცესი წარმატებით დასრულდეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში.

გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ეს პროცესი დაიწყო 2010 წელს ევროკავშირთან ვიზის ფასილიტაციის შეთანხმებით, ხოლო ევროკავშირმა საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციაზე პოლიტიკური დიალოგი 2012 წლის ივნისში დაიწყო.

შესაბამისად, აღნიშნულის მიღწევა არა მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებით გვსურს, არამედ აღნიშნული ჩვენთვის პრინციპის ამბადაც არის ქცეული.

ჩვენ რეგულარულად ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს და ვინარჩუნებთ შესაბამის კონტაქტებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მეგობრებთან. სიამოვნებით მოვისმინეთ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა უახლესი განცხადებები, რითაც გვაუწყეს, რომ პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირთან შეასაძლოა მივაღწიოთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს.

იმავდროულად შეშფოთებულნი ვართ, რომ ერთის მხრივ ხდება ჩვენი ქვეყნისათვის და მოსახელობისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვის უადგილო მცდელობა და მეორეს მხრივ, ადგილი აქვს ფაქტებისა და რეალობის აშკარა და საღ აზრს მოკლებულ დამახინჯებას. ევროპული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის სურვილი და მიზანია და არა რომელიმე ცალკე აღებული მთავრობის. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ უვიზო მიმოსვლაზე ევროკავშირთან დიალოგი საქართველოს დღევანდელი მთავრობის ინიცირებული და განხორციელებულია, ვერანაირ პოზიტიურ შედეგს ვერ მოუტანს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის ფარგლებს გარეთ. მითუმეტეს, რომ აღნიშნული ცალსახად სიცრუეა.

ასევე გვიჩნდება კითხვები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების სიმართლესა და ადეკვატურობასთან დაკავშირებით, როდესაც ვისმენთ ისეთ განცხადებებს, რისი დადასტურებაც შეუძლებლად მიგვაჩნია. კლუბის წევრები ყოველდღიურ კონტაქტში ვიმყოფებით ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და გაგვაჩნია ამომწურავი და განახლებული ინფორმაციები საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში არსებული ვითარებაზე. ჩვენთვის უცნობია ისეთი ფაქტები, როდესაც საქართველოს პოლიტიკური სპექტრის სერიოზული წარმომადგენლები მოუწოდებდნენ ევროკავშირს შეეჩერებინა ან გადაედო უვიზო რეჟიმის შემოღების პროცესი. უფრო მეტიც, აღნიშნული გაკეთება არა მხოლოდ ქვეყნის საზიანო ქმედება იქნება, არამედ ჩვენი შეფასებით წარმოადგენს პოლიტიკური სუიციდის მცდელობასაც, რაზეც ვეჭვობთ, რომელიმე საღად მოაზროვნე და მითუმეტეს სერიოზული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა მოაწეროს ხელი. შესაბამისად, როდესაც ვისმენთ ასეთ დაუსაბუთებელ და ჩვენი აზრით ცრუ ბრალდებებს, გვიჩნდება კითხვები, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების სხვა ასპექტები. ნებისმიერ შემთხვევაში, ზიანის მომტანად მიგვაჩნია ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე დადგმული სცენების მოწყობა, განსაკუთრებით კი, ხელისუფლების მხრიდან. დიპლომატთა კლუბი მოუწოდებს საქართველოს ყველა პოლიტიკოს, ყველა ჩვენს მოქალაქეს, ერთობლივად და ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად შემჭოდროებულ ვადებში საქართველომ მიაღწიოს მისი მოქალაქეების მიერ დადგენილი ამოცანების შესრულებას", - ნათქვამია დიპლომატთა კლუბის განცხადებაში.

პრემიერმა დღეს თქვა - "დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც საქართველოს მთავრობას ეკისრებოდა, შესრულებულია. ამას ერთხმად აღიარებს ევროკავშირი. ეს პროცესი დაიწყო ჩვენი მთავრობის დროს, მანამდე რატომღაც ამაზე არავინ ფიქრობდა. მოლდოვამ ეს გაცილებით ადრე დაიწყო და მათ უკვე აქვთ უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება ევროკავშირში და შემდეგ 28-ვე წევრი უნდა დაეთანხმოს აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას".

ამასთან, პრემიერმინისტრმა ენმ-ის წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღების ხელშეშლაში დაადანაშაულა.

კომენტარები