ტერორიზმი

ე.წ. ისლამური სახელმწიფო საფრანგეთს, აშშ-ს და იტალიას ემუქრება

Reuters

ე.წ. ისლამური სახელმწიფო ახალ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც ტერორისტები საფრანგეთს, იტალიასა და აშშ-ს ემუქრებიან. ვიდეოში ორი ტერორისტი "თეთრი სახლის" აფეთქებით იმუქრება. ერთ-ერთი მათგანი იტალიის დედაქალაქ რომის დაპყრობასაც ახსენებს.

ცოტა ხნის წინ ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანი ტერორისტული დაჯგუფების ონლაინჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა. იტალიის მთავრობამ საპასუხოდ რომისა და ვატიკანის უსაფრთხოება გააძლიერა, უსაფრთხოების დასაცავად პოლიციას 1000 სამხედროც შეუერთდა. რომში მდებარე ამერიკის საელჩო იტალიაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

საელჩოს განცხადების თანახმად, ტერორისტების სავარაუდო სამიზნეები რომში წმინდა პეტრეს ბაზილიკა, მილანში კი დუომოს კათედრალი და ლა სკალას ოპერა იქნება. საელჩოს აზრით, უსაფრთხოების ზომები ყველაზე მეტად სწორედ რომსა და მილანში უნდა გაძლიერდეს.

მანამდე, ISIS-მა კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ტერორისტები ნიუ იორკს ემუქრებოდნენ. ვიდეოში Times Square არის ნახსენები და კადრებში ასევე ჩანს ასაფეთქებელი მოწყობილობები. ნიუ იორკის მერი ბილ დე ბლასიო აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფო" ქალაქის დაშინებას ვერ შეძლებს. ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ვიდეოში გამოყენებული კადრებიდან რამდენიმე ძველი იყო.

"გვესმის, რომ ტერორისტების მიზანი დემოკრატიული საზოგადოების დაშინება და მისი განადგურებაა, მაგრამ ჩვენ მათ სურვილებს ვერ დავემორჩილებით", - აღნიშნა დე ბლასიომ.

კომენტარები