საზოგადოებრივი ინიციატივის კვლევა

ცესკო: ცესკო-ში თამარ ჟვანიას შვილი 2010 წლიდან მუშაობდა

ცესკო

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის კვლევაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს შესახებ. როგორც ტაბულას უწყების სპიკერმა განუცხადა, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც ორგანიზაციამ გამოითხოვა და მონაცემები სიმართლეს შეესაბამება. ანა მიქელაძე აღნიშნავს, რომ თამარ ჟვანიამ თანამდებობრივი სარგო 130 727.55 ლარის ოდენობით, ხოლო 56 682 ლარი პრემია და 56 855 ლარი დანამატი მიიღო თითქმის ორი წლის განმავლობაში. მისი თქმით, საარჩევნო პერიოდში ცესკო მუშაობს ზეგანაკვეთურად და ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებას კანონმდებლობა არეგულირებს.

"2015 წლის დაახლოებით 6 თვე იყო საარჩევნო პერიოდი, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო, შუალედური არჩევნები იყო და შესაბამისად, რა თქმა უნდა საარჩევნო პერიოდში მუშაობდა საარჩევნო ადმინისტრაცია. ის თანხები, რაზეც არის საუბარი, მოცემულია 2014-2015 წლის, ანუ ორ წლამდე პერიოდზეა საუბარი. გარდა ამისა, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, პრემიას არამხოლოდ ქალბატონი თამარი იღებს საარჩევნო ადმინისტრაციაში, არამედ თითოეული ის პირი, ვინც არის საარჩევნო პროცესში ჩართული და მუშაობს ზეგანაკვეთურად" - აცხადებს ანა მიქელაძე ტაბულასთან.

რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თამარ ჟვანიას შვილებისა და ნათესავების დასაქმებას, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ცეკოს-ს თავმჯდომარის ქალიშვილი, ჟვანიას არჩევამდე მუშაობდა უწყებაში. მიქელაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ყაველაშვილის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, თამარ ჟვანიამ მას არ გაუგრძელა ხელშეკრულება და შესაბამისად, ის საარჩევნო ადმინისტრაციაში აღარ მუშაობს. რაც შეეხება დანარჩენ 8 პირს, ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, მათი ნაწილი თამარ ჟვანიას ნათესავი არ არის, ნაწილი კი არჩევნების დროს კონკურსის შედეგად აიყვანეს რამდენიმე დღით ან რამდენიმე კვირით.

"ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონი თამარის შვილი ცესკო-ში მუშაობდა, ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს. თამარ ჟვანია აირჩიეს 2013 წელს, ხოლო მისი ქალიშვილი მუშაობდა 2010 წლიდან, ჯერ სტაჟორი იყო, 2012 წელს კი იყო იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტი. ანუ მისი შვილი ბევრად უფრო ადრე მუშაობდა, სანამ ქალბატონი თამარი არჩეული იქნებოდა ცესკო-ს თავმჯდომრის პოზიციაზე. ნიშანდობლივი და ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თამარი აირჩიეს, მის ქალიშვილს არ გაუგრძელა ხელშეკრულება. ანუ, როგორც კი ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, მან არ გაუგრძელა და შესაბამისად, ცისია ყაველაშვილი დღესდღეობით ცესკო-ში არ მუშაობს. ხოლო სხვა ჩამოთვლილი პირებიდან ორი ადამიანი არ არის ქალბატონი თამარის ნათესავი, მესამეს აქვს გავლილი ძალიან დიდი კონკურსი და არის სტაჟორი, ის არ არის დასაქმებული ცესკო-ში. რაც შეეხება დანარჩენ პიროვნებებს, ისინი არჩევნების დროს ხელშეკრულებით იყვნენ აყვანილები და გათვალისწინებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მათი კვალიფიკაცია და გამოცდილება. ისინი მხოლოდ რამდენიმე დღე თუ რამდენიმე კვირა მუშაობდნენ ცესკო-ში" - აცხადებს ანა მიქელაძე ტაბულასთან.

კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის კვლევის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ცესკო-ში შვილები, მათი მეგობრები და ოჯახის სხვა ახლობლები დაასაქმა. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თამარ ჟვანიას 2014 წლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით მიიღო თანამდებობრივი სარგო – 130 727.55 ლარის ოდენობით, ხოლო 56 682 ლარი პრემია და 56 855 ლარი დანამატი.

კომენტარები