ვიზალიბერალიზაცია

ჰანი: მადლობა პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომ სიტუაციის დამშვიდებას ცდილობდა

Open Days - European Week of Cities and Regions

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიტიური შედეგი ექნება. ევროკომისარი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ის პრეზიდენტს უკვე შეხვდა.

"ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ვაფასებთ, არის თუ არა ქვეყანა მზად მის მისაღებად. ჩვენ არ ვარჩევთ, დიდია ეს ქვეყანა თუ პატარა, ტერიტორიულად ახლოს არის ევროკავშირთან თუ არა. მინდა, ვთქვა, რომ საქართველო კარგად მოქმედებს. რა თქმა უნდა, არ შემიძლია, ვიწინასწარმეტყველო ვიზალიბერალიზაციის იმ ანგარიშის შესახებ, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება, მაგრამ მჯერა, რომ პოზიტიური შედეგი იქნება. ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. უნდა გავიგოთ, რომ ამას დრო სჭირდება", - ამბობს ჰანი.

იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური სიტუაცია ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გავლენას არ იქონიებს.

"მნიშვნელოვანია, როგორია მართლმსაჯულების სისტემა, მედიის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება - მოკლედ, ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია ევროპელობის გარანტიისთვის. ამ კუთხით პოზიტიურ განვითარებას ვხედავ. ასევე მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და პრეზიდენტს პირადად მადლობა გადავუხადო იმ ჩართულობისთვის, როდესაც ის ცდილობდა სიტუაციის დასტაბილურებას და დამშვიდებას. იზრუნა, რათა დარწმუნებულიყო, რომ კანონის უზენაესობის პრინციპებსა და სტანდარტებს პატივს სცემენ. ეს არის ქვეყნისთვის საუკეთესო გარანტია, რომ დავაფასოთ და დავინახოთ ქვეყანა, როგორც ევროკავშირის თანასწორი პარტნიორი", - თქვა ჰანმა.

ჰანის თქმით, ევროკავშირისთვის მეზობელი ქვეყნების სტაბილურობა ყველაზე დიდი პრიორიტეტია.

კომენტარები