საქართველო-ევროკავშირი

MDF: ევროკავშირთან დაახლოების მომხრეა გამოკითხულ ახალგაზრდათა 78,5%

მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას მხარს უჭერს გამოკითხულ ახალგაზრდათა 78,5%. მათი 59,1% აცხადებს, რომ მხარს უჭერს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, ხოლო 19,4%-ს პასუხია – "უფრო ვუჭერ, ვიდრე არ ვუჭერ". კვლევის მიხედვითვე, ევროპასთან საქართველოს დაახლოების პროცესს მხარს არ უჭერს გამოკითხულ ახალგაზრდათა 9,1%. კერძოდ, 5,4% აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, ხოლო 3,7%-ის პასუხია - "უფრო არ ვუჭერ, ვიდრე ვუჭერ".

მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდათა შორის, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერთა პროცენტული რაოდენობა მეტია (82.4%), ვიდრე სხვა ქალაქებში მცხოვრებ ახალგაზრდებში (74%). ასევე, იმ რესპონდენტთა შორის, რომელთა მშობლიური ენა არ არის ქართული, შედარებით დაბალია ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა რიცხვი.

"საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას მხარს უჭერს ახალგაზრდათა 79%. თუ წინამდებარე კვლევას 2015 წლის აგვისტოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდაჭერა ახალგაზრდებში გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგადად მთელი მოსახლეობისა. საქართველოს მასშტაბით NDI-ის მიერ ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა 61%-მდე არის შემცირებული. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირებულობა არც თუ ისე მაღალია, რის მიზეზად, წარმოებული საინფორმაციო სამუშაოს არასაკმარისი მოცულობა და ინტენსივობა უნდა ჩაითვალოს და არა ახალგაზრდათა დაუინტერესებულობა ამ თემით. ჯამში გამოკითხულ ახალგაზრდათა მხოლოდ 14,3% თვლის, რომ ძალიან კარგად ან კარგად არის ინფორმირებული ევროპასთან საქართველოს დაახლოების პროცესის შესახებ, მაშინ როდესაც აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ან ძალიან დაინტერესებულია გამოკითხულთა 65,4%" - აცხადებს მედიის განვითარების ფონდი და აღნიშნავს, რომ "მნიშვნელოვანია, „ევროინტეგრაციის შესახებ კომუნიკაციის სტრატეგიის“ და სამოქმედო გეგმის განხორციელებისას, შესაბამისმა უწყებებმა კომუნიკაციის ფორმების დიფერენცირება სამიზნე ჯგუფების მიხედვით მოახდინონ, ახალგაზრდებთან ურთიერთობისას კომუნიკაციის განსხვავებულ ფორმებს მიმართონ და ევროინტეგრაციის შესახებ მათ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ".

მედიის განვითარების ფონდის რეკომენდაციითვე, საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვის დროს, ყურადღება უნდა გამახვილდეს რეგიონებში ახალგაზრდებამდე ინფორმაციის მიტანის ეფექტიან გზებსა და ამ მიმართულებით აქტივობების გაზრდაზე.

"რეგიონებში ორგანიზებული სხვადასხვა შეხვედრები სასურველია ორმხრივი კომუნიკაციის ფორმით წარიმართოს, რათა ახალგაზრდები მხოლოდ ინფორმაციის პასიური მიმღებების როლში არ მოგვევლინონ და დისკუსიაში ჩართვის და საკუთარი შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა მიეცეთ" - ნათქვამია MDF-ის კვლევაში და აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაციის უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე წარმოება.

მედიის განვითარების ფონდი კვლევაში შენიშნავს, რომ რესპონდენტებმა ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად მოსალოდნელ საფრთხეებს შორის ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ანტიდასავლური რიტორიკის წამახალისებელ მედიაში ყველაზე დიდი ინტენსივობით იჩენს თავს. ეს საკითხებია, ეროვნული იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვის შიშები, ასევე რუსეთის მხრიდან საფრთხეების ზრდა და შესაბამისი უსაფრთხოების გამოწვევები. MDF-ის რეკომენდაციით, საჭიროა, ახალგაზრდების მონაწილეობით ღია დისკუსიების წარმართვა ისეთ საკითხებზე, რომლებიც იდენტობას უკავშირდება, ასევე მულტიკულტურალიზმის დასავლური გაგებისა და იმ საერთაშორისო ინსტრუმენტების შესახებ მათი სრულფასოვანი ინფორმირება, რაც ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას უკავშირდება.

"უსაფრთხოების საკითხებზე ევროატლანტიკური ინსტრუმენტების შესახებ საზოგადოების მეტად ინფორმირების პარალელურად, მნიშვნელოვანია, ხელისუფლების გზავნილები საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ იყოს უფრო მკაფიო და ნაკლებ წინააღმდეგობრივი, რამაც რესპონდენტთა პასუხებზეც ჰპოვა ასახვა. ბუნდოვანება ამ მიმართულებით ხელს უწყობს აზრის დამკვიდრებას, რომლის თანახმად, ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაკავშირებულია არა საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებთან და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებთან, არამედ მხოლოდ რუსეთის მხრიდან საფრთხეების ინტენსიფიკაციასთან. მართალია, არც თუ ისე დიდია იმ ახალგაზრდათა რაოდენობა, ვისაც მედიის მიერ ან მედიის საშუალებით გავრცელებული მითები სარწმუნოდ მიაჩნია, მაგრამ მაღალია იმ ახალგაზრდათა პროცენტული რაოდენობა, რომელმაც არ იცის მართალია თუ მცდარია ცალკეული მითი. შესაბამისად, ისინი არ ფლობენ სრულფასოვან ინფორმაციას გარკვეულ წინააღმდეგობრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ, საჭიროა, საზოგადოების მეტად ინფორმირება სპეციფიურ თემებზე, რომელთა გამოვლენა მედია მონიტორინგისა და საჯარო დისკურსის მეშვეობით ხდება შესაძლებელი" - ნათქვამია MDF-ის კვლევაში.

გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. კვლევის ინსტრუმენტი იყო კითხვარი, რომელიც მოიცავდა, როგორც ღია, ისე ფორმალიზებულ კითხვებს. გამოკითხვამ მოიცვა 13 ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, რუსთავი, ახალციხე, ახალქალაქი, მარნეული, დმანისი. გამოიკითხა 17-დან 35 წლამდე ასაკის 1086 რესპონდენტი. გამოკითხვა 2015 წლის სექტემბერში ჩატარდა.

კომენტარები