სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მექანიზატორის გასხვისებას გეგმავს

mechanization.ge

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული კომპანია მექანიზატორის ტექნიკის გასხვისებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. ოთარ დანელია ამბობს, რომ ბიზნესსექტორთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე შედგა. თავდაპირველად სახელმწიფოს მიერ გამოუყენებელი ტექნიკის გასხვისება იგეგმება, შემდგომში კი თავად შპს მექანიზატორის გასხვისებაც შესაძლოა მოხდეს. 

"ღირებულებაზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან არის პროცედურები დასაწყები, ეს პროცედურები ჩვენ ნაწილობრივ დაწყებულიც გვაქვს და ახლა არის მოკვლევის პროცედურა. ეს არის იმ ელემენტების გასხვისება, რომლებსაც არ იყენებს მექანიზატორი, სამწუხაროდ იყო ადრე წარმოდგენა, რომ რიგი ტექნიკა გამოსადეგი იქნებოდა, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჩვენს რეალობაში მათი გამოყენება არ ხდება. ინვენტარიზაციის შემდეგ უკვე დეტალები იქნება საჯარო. გვქონდა ბიზნესთან შეხვედრა, ვერ ვიტყვი, რომ დაინტერესება მაღალია, მაგრამ გარკვეული დაინტერესება მაინც არის და არსებობს. ჩვენ მოვერგებით იმ მოთხოვნას, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს", - ამბობს ოთარ დანელია. 

მექანიზატორი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც წლების მანძილზე მთავრობის მიერ შეძენილი ტრაქტორების, კომბაინების, გუთნებისა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის მართვას ახორციელებს. კომპანია მონაწილეობს მცირემიწიანი ფერმერებისთვის საგაზაფხულო უფასო ხვნის პროგრამაში, რომელზეც გასული ორი წლის მანძილზე უკვე 100 მილიონი ლარი დაიხარჯა, მომავალ წელს კი 48 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. 

2016 წელს მთავრობა პრივატიზაციიდან 225 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს, რაც 2015 წელთან შედარებით 10 მილიონით ნაკლებია. მექანიზატორის ტექნიკის გასხვისების შემთხვევაში საპრივატიზაციო გეგმა გაიზრდება. 

კომენტარები