თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

უსუფაშვილი ჟურნალისტებზე თავდასხმაზე: ფაქტი დასაგმობი და აღსაკვეთია

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმას სათანადო რეაგირება მოჰყვება, როგორც საზოგადოების, ისე სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან.

"ზოგადად, ნათქვამი სიტყვის გამო თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა დასაგმობი და აღსაკვეთია. ჟურნალისტი იტყვის თავისუფალ სიტყვას თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, დასაგმობია, რა თქმა უნდა. ჟურნალისტს თავისი პროფესიული საქმიანობის გამო თუ ვინმე ემუქრება, ეს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა, ხოლო თუ რელიგიური გრძნობების საკითხს ეხება საქმე და რელიგიურ თემებს, აქ კიდევ უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე. დარწმუნებული ვარ, ამ კონკრეტულ ფაქტს ექნება სათანადო რეაგირება საზოგადოების მხრიდან - დავგმობთ ამას, რომ არ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ და მეორე, სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან, თუ აქ დანაშაულამდეა მისული საქმე და თუ არის დანაშაული", - თქვა უსუფაშვილმა.

ტაბულას ჟურნალისტებსა და ყოფილ ჟურნალისტს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში თავს გუშინ დაესხნენ. რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რესტორნის ინვენტარი დააზიანა. თავდამსხმელები მოტივად "ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას" ასახელებდნენ. შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

კომენტარები