ტრანსპორტი

ჯავახიშვილი: წლის ბოლომდე ქუთაისი - ახალციხის მაგისტრალის პროექტი არ გვექნება

facebook.com/mrdi.gov.ge

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციებთან შეხვედრაზე ქვეყანაში ახალი მაგისტრალების მშენებლობის დაწყება დააანონსა, თუმცა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ტაბულასთან განაცხადა, რომ ამ გზების პროექტები 2016 წლის ბოლომდე მზად არ იქნება. ჯავახიშვილი პროექტების არარსებობიდან გამომდინარე, ვერ ასახელებს მათ სავარაუდო ღირებულებასა და დაფინანსების წყაროებს. პრემიერის გეგმით, ქვეყანაში უნდა აშენდეს ქუთაისი - ახალციხის, თბილისი - აზერბაიჯანის საზღვრისა და მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალები.

"მე გეტყვით, რომ ქუთაისიდან ახალციხის მიმართულებით გზის გაკეთებაზე ერთხელაც არ მიფიქრია, სამწუხაროდ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, თუ იცით, აქ ზაფხულში შეიძლება ჯიპებით გახვიდეთ, ჯერ პროექტი არ გვაქვს, ამიტომაც დეტალურს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შესაძლო მაქსიმალურ ვადაში ამ საკითხს ჩვენ გადავწყვეტთ, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი გზაა და მით უმეტეს ზარზმას ვაკეთებთ და საჭიროების შემთხვევაში შეგეძლება ბათუმამდე ჩახვიდე ან აჭარის კურორტებზე ახვიდე და ეს აბასთუმნის გავლით იქნება და ზარზმა ითვალისწინებდა აჭარისა და აბასთუმანის დაკავშირებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური საქართველო, ამ შემთხვევაში ქუთაისი და მთელი ჩრდილო-დასავლეთ საქართველო დაუკავშირდება სამხრეთ საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ 2016 წელს პროექტირების სტადიას მაინც მოვრჩებით", - ამბობს ჯავახიშვილი.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების ოფიციალური პრეზენტაცია ჯერ არ გამართულა. უცნობია, თუ რა წყაროების მეშვეობით მოხდება ამ პროექტების დაფინანსება და თუ არიან მის განვითარებასა და შემუშავებაში ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. თუკი პროექტები დონორების დაფინანსებით აშენდება, ეს საქართველოს საგარეო ვალს რამდენიმე პროცენტით გაზრდის.

კომენტარები