ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ომბუდსმენი პეტრიაშვილის დაჭრაზე: ასეთი ფაქტები ქვეყნის იმიჯს აზიანებს

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში დამნაშავეს დააკავებენ. მისი თქმით, ასეთი ფაქტები ქვეყნის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს.

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში ასეთ დანაშაულს აქვს ადგილი. იმედი მაქვს, უახლოესი დღეების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოები მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ ცხელ კვალზე დააკავონ დამნაშავე. თუ არის შესაბამასი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც აუცილებელია კვალიფიკაციის შეცვლა, ამაზეც უნდა დაიწყოს ზრუნვა", - თქვა ნანუაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ უახლოეს პერიოდში არ მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები საქმის გამოძიებასთან მიმართებით, ეს იქნება ძალიან ცუდი სიგნალი ქვეყნისთვის.

"ასეთი ფაქტები დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს", - ამბობს სახალხო დამცველი.

თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე სამი ტყვია ესროლეს. მასთან ერთად მყოფი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საკანდელიძე იხსენებს, რომ პეტრიაშვილს თავს მიზანმიმართულად დაესხნენ. შსს-მ გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

კომენტარები