მუსლიმებზე თავდასხმა

მიტროპოლიტი ადიგენზე: ეკლესია გმობს და ემიჯნება ყველაგვარ ძალადობრივ ქმედებას

www.shemoqmedi.ge

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორე ჭუაძის განცხადებით, ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას. ჭუაძემ სოფელ ადიგენში მომხდარ დაპირისპირებასა და მუსლიმებზე თავდასხმაზე საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" ეთერში ისაუბრა. მან ფაქტს "სამწუხარო" უწოდა. მიტროპოლიტის შეფასებით, დაპირისპირება პროვოკაციის შემდეგ მოხდა.

"ეკლესია გმობს და ემიჯნება ყველაგვარ ძალადობრივ ქმედებას. რა თქმა უნდა, ეკლესია არ ყოფილა ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში. აქ საქმე ეხებოდა სასაფლაოს საკითხს. მუსლიმი მოსახლეობა ითხოვდა ცალკე სასაფლაოს გამოყოფას, მართლმადიდებელი მოსახლეობა წინააღმდეგი იყო, რომ ცალკე სასაფლაო გამოყოფილიყო და ამაზე მიდიოდა დიალოგი, კამათი. როგორც ვიცი, ეს გარკვეული ხანია გრძელდება. თითქოს მიღწეული იყო კიდეც რაღაც შეთანხმებები და გარკვეულ თანხმობაზე იყვნენ გასული. მაგრამ გუშინ, არ ვიცი ვინ, მაგრამ გარკვეული ადამიანების ჯგუფებმა მოახდინეს პროვოკაცია და ამ პროვოკაციის შედეგად მოხდა დაპირისპირება. ძალიან სამწუხაროა ეს და მინდა მოვუწოდო, მივმართო სამართალდამცველ ორგანოებს. ვიცი, რომ საქმეა აღძრული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა მივმართო, არა მხოლოდ ეს კონკრეტული დაპირისპირება გამოიძიონ, არამედ ის პროვოკაციებიც, რამაც გამოიწვია ასეთი დაპირისპირება, რათა ჩვენ შემდგომში თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემები და მსგავსი ვითარება", - თქვა თეოდორე ჭუაძემ.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"უნდა განიმუხტოს სიტუაცია. დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, დაბრუნდნენ სახლებში და დაუბრუნდნენ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს. შემდგომ, გამოვარჩიოთ სოფლის როგორც მართლმადიდებელი, ისე მუსლიმი მოსახლეობიდან რამდენიმე ადამიანი, ჩავერთვებით ჩვენ, ეპარქიის წარმომადგენლობაც, ჩაერთოს სამუფტო, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები, დავსხდეთ ერთად და მშვიდ და წყნარ ვითარებაში შევეცადოთ, მოვძებნოთ გამოსავალი და მაქსიმალურად შევეცადოთ, არ მივცეთ პროვოკატორებს იმის საშუალება, რომ დაძაბონ ურთიერთობა მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს მუსლიმური მრევლის წინამძღვრებთან, მუფტებთან. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საკითხში. ახლაც ვესაუბრე ჯავახეთის მუფტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლებთ, რაღაცნაირად სიმშვიდე შევიტანოთ სოფლის მოსახლეობაში", - აღნიშნა ჭუაძემ.

ორი დღის წინ, სოფელ ადიგენში მუსლიმი თემის სამ წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მუსლიმი თემის განცხადებით, მათ ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის წევრები დაესხნენ თავს. დაპირისპირება სოფელ ადიგენში მუსლიმი თემისთვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის საკითხს მოჰყვა. ამასთან, რუსთავი 2-თან საუბარში ადიგენში მცხოვრებმა თქვა, რომ სანამ სოფელში ქრისტიანები იქნებიან, იქ მუსლიმური სასაფლაო არ გაიხსნება -"ჩვენი, ქრისტიანების აზრია, რომ სოფელში ჩვენ ოდითგანვე გვაქვს ერთი სასაფლაო. არ ვუკრძალავთ არავის არაფერს, არცერთ ერს. რაიმე უბედური შემთხვევის დროს, მიიყვანონ და დაკრძალონ სასაფლაოზე გარდაცვლილი ადამიანი. მათი სურვილი არ არის, მათ უნდათ, ცალკე რომ გააკეთონ. სოფელ ადიგენში სანამ ქრისტიანები იარსებებენ, მუსულმანური სასაფლაო არ გაიხსნება. ეს არის ჩვენი ბოლო პასუხი".

გუშინ სოფელ ადიგენში მუსლიმი თემის სამ წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მუსლიმი თემის განცხადებით, მათ ადგილობრივი მართლმადიდებელი თემის წევრები დაესხნენ თავს. დაპირისპირება სოფელ ადიგენში მუსლიმი თემისთვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის საკითხს მოჰყვა.

დღეს რუსთავი 2-თან საუბარში ადიგენში მცხოვრებმა თქვა, რომ სანამ სოფელში ქრისტიანები იქნებიან, იქ მუსლიმური სასაფლაო არ გაიხსნება -"ჩვენი, ქრისტიანების აზრია, რომ სოფელში ჩვენ ოდითგანვე გვაქვს ერთი სასაფლაო. არ ვუკრძალავთ არავის არაფერს, არცერთ ერს. რაიმე უბედური შემთხვევის დროს, მიიყვანონ და დაკრძალონ სასაფლაოზე გარდაცვლილი ადამიანი. მათი სურვილი არ არის, მათ უნდათ, ცალკე რომ გააკეთონ. სოფელ ადიგენში სანამ ქრისტიანები იარსებებენ, მეორე მუსულმანური სასაფლაო არ გაიხსნება. ეს არის ჩვენი ბოლო პასუხი".

ადიგენში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები