წეროვანში მცხოვრები დევნილები

სუბარი: წეროვანში დავალიანებები აქვთ ოჯახებს, რომლებიც გაჭირვებულები არ არიან

სოზარ სუბარი

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის მტკიცებით, წეროვანის დასახლებაში ბუნებრივი აირის დავალიანება ორჯერ ჩამოაწერეს. მისივე თქმით, დავალიანებები ხშირ შემთხვევაში ისეთ ოჯახებს აქვს, "რომლებიც არც სოციალურად დაუცველები არ არიან, არც გაჭირვებულები და ზოგ შემთხვევაში, არც დევნილები". მისივე თქმით, "ეტყობა, წელს უკვე ვიღაცები აქეზებენ". სუბარის განცხადებით, ახლა დევნილებს დავალიანება განაწილებული აქვთ და თვეში 15 ლარს იხდიან.

"წეროვანშიც, ისევე როგორც ყველა კოტეჯურ დასახლებაში, რომელიც არის თბილისიდან ლიხის ქედამდე, ორჯერ მოხდა დავალიანების ჩამოწერა. ეს დავალიანებები გროვდება და გროვდება. გავაფრთხილეთ, რომ ყველამ უნდა დაიცვას გადახდა. შარშან გავაკეთეთ მაქსიმუმი, მთელი ეს დავალიანება, რომელიც იყო ზოგიერთი ოჯახისთვის 50 ლარი და ზოგიერთისთვის 2000 ლარი, გადავანაწილეთ ისე, რომ 15 ლარზე მეტის გადახდა თვეში არ უწევთ. ადამიანი, ოჯახი, რომელიც თვეში 15 ლარს არ გადაიხდის დავალიანებებიდან, მას ჩაუჭრიან ბუნებრივ აირს, თუმცა ძალიან საინტერესო რაღაც აღმოვაჩინეთ, რომ დავალიანებები აქვთ ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ ისეთ ოჯახს, რომლებიც არც სოციალურად დაუცველები არ არიან, არც გაჭირვებულები არ არიან და ზოგ შემთხვევაში დევნილებიც არ არიან. ამაზე ვმუშაობთ ახლა. სოციალურად დაუცველები ვინც არიან, იმათ შეიძლება გავუგოთ კიდევ, მაგრამ ზოგადად, რომ გაზის ფული არ გადაიხადოს ოჯახმა, ასეთი რამ არ ხდება და არ არის სწორი. ისევ ვიმეორებ, ორჯერ გადავუხადეთ იმ იმედით, რომ მუდმივად მოხდებოდა გადახდები. მაინც იწყება და იწყება დაგროვება და ეტყობა, წელს უკვე ვიღაცები აქეზებენ, პოლიტიკური პარტიები, არჩევნების წელია, რომ თუ არ გადაიხდით და მოაწყობთ მიტინგებს, ჩამოგეწერებათ... და ვეღარ ჩამოეწერებათ მათ... რით შეიძლება იყოს პრივილეგირებული ადამიანი, რომელსაც გავუკეთეთ მაქსიმუმი?! ვიმეორებ, 15 ლარის გადახდა უწევთ თვეში მათ მიერ დაგროვილი დავალიანებებიდან და ეს უნდა გადაიხადონ" - თქვა სუბარმა.

ცნობისთვის, წეროვანის დევნილების დასახლებაში მოსახლეობის ნაწილს წლების განმავლობაში დაგროვებული კომუნალური გადასახადის გამო გაზი და ელექტროენერგია ჩაჭრილი აქვთ. ტაბულასთან საუბარში ადგილობრივები ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლება მათ დავალიანების ჩამოწერას არაერთხელ, არჩევნებამდე და მას შემდეგაც, დაჰპირდა. წეროვანში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს ამ დროისთვის გაზი არ მიეწოდებათ.

კომენტარები