იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ახვლედიანის შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემაზე არ დაკმაყოფილდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ახვლედიანი ითხოვდა, სასამართლოს გამოეცა დროებითი განჩინება, რითაც დაევალებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავი შეეკავებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნისგან. სასამართლომ ახვლედიანის შუამდგომლობას "უსაფუძვლო" უწოდა.

"ადმინისტრაციულ პროცესში, ე.წ. კომბინირებულ სარჩელებში უნდა განისაზღვროს ძირითადი და თანმდევი მოთხოვნები. თუ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა, უნდა განისაზღვროს ძირითადი მოთხოვნა. შესაბამისად, უნდა მოხდეს სარჩელის არსის განსაზღვრა - რომელ სარჩელთან გვაქვს საქმე - შეცილებით (აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი), თუ მავალდებულებელ სარჩელებთან (აქტის გამოცემის, ან ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანს სწორედ შეცილებითი სარჩელის აღძვრა წარმოადგენს, რომლის თანმდევი მოთხოვნაც აქტის გამოცემის დავალება იქნება.

დროებითი განჩინების მიღების მოთხოვნის თაობაზე განცხადების დასაშვებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სარჩელის სახე. ამასთან, დაინტერესებული მხარის უფლება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს დროებითი განჩინების მიღება, გამომდინარეობს მისი უფლებიდან, აღძრას სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ქმედების განხორციელების მოთხოვნით ან აღძრას აღიარებითი სარჩელი.

სასამართლომ მიიჩნია რომ, ვინაიდან მოსარჩელე აპირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე შეცილების სარჩელის აღძვრას, ამ შემთხვევაში დაუშვებელია საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინების გამოტანა, რის გამოც მამუკა ახვლედიანის განცხადება სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინების გამოყენების თაობაზე, უსაფუძვლოა", - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის. პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქციას გამართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი მოითხოვენ, დროებით შეწყდეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესი, რადგან მათ ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გამო საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

კომენტარები