სოფლის მეურნეობა

მეაბრეშუმეობის აღორძინებისთვის მთავრობა 100 ათას ჰიბრიდულ თუთის ნერგს დაარიგებს

თუთის ხე
wikimedia.org

მეაბრეშუმეობის აღორძინების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა კერძო ბიზნესის ხელშეწყობით, რეგიონებში 100 ათას თუთის ნერგს დაარიგებს. ნერგების დარიგების ორგანიზებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს შეხვედრა გაიმართა. 

მეაბრეშუმეობის განვითარების პროექტის ფარგლებში კომპანია "ასკანელი ძმების" დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ და ქართველმა ბიზნესმენებმა უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის 100 ათასი ნერგი სახელმწიფოს გადასცეს. პროექტის თანახმად, ბენეფიციარებს თუთის ნერგები უსასყიდლოდ დაურიგდებათ. აბრეშუმის წარმოება თუთის გარეშე შეუძლებელია, რადგანაც აბრეშუმის ჭიის საკვები რაციონი მხოლოდ თუთის ფოთლებისგან შედგება. ნერგები ჰიბრიდული ჯიშისაა. 

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზადაა კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებით დაინტერესებული ბენეფიციარების მოძიება და მათთვის ნარგავების მოვლისა და ფორმირების შესახებ კონსულტაციების გაწევა.

საბჭოთა წარსულში საქართველოში ორი მსხვილი აბრეშუმის ქარხანა თბილისსა და ქუთაისში არსებობდა, დღეისთვის კი აბრეშუმის ინდუსტრიული წარმოება საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს. 

კომენტარები