კანცლერის არჩევნები თსუ-ში

პაპავა: კანცლერის არჩევნების გადადების მექანიზმი არ მაქვს

რუსთავი 2

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. მისი განმარტებით, რექტორს არ შეუძლია კენჭისყრის გადადება. სენატის სხდომა 17:00-ზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დრომდე არ შეკრებილა. პაპავამ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოუწოდა, უნივერსიტეტის ტერიტორია დატოვონ.

"სენატის სხდომის გადადების უფლება აქვს მხოლოდ სენატს, რექტორს ამის გადადების მექანიზმი არ აქვს. მთავარია, ჩვენ არ ამოვვარდეთ საკანონმდებლო სივრციდან, რასაც განსაზღვრავს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და უნივერსიტეტის წესდება. წესდებით გათვალისწინებულია დღეს სენატის სხდომის ჩატარება, სენატი თუ არ შეკრებილა, სხდომას ვინ დახურავდა. ჩემთვის მთავარია, უნივერსიტეტი ასრულებდეს თავის უმთავრეს ფუნქციას - სასწავლო-სამეცნიერო ფუნქციას. ნებისმიერი ექსცესი, რაც ახლა ხდება, მიუღებელია" - განაცხადა პაპავამ.

პატრულის თანამშრომლებმა სტუდენტები, რომლებსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის კენჭისყრაზე დასწრება სურდათ, აუდიტორიაში არ შეუშვეს. კენჭისყრაზე სენატი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას უყრის კენჭს. პოლიციელები სტუდენტების არშეშვების მიზეზად აუდიტორიაში ადგილის არქონას ასახელებენ. ადგილზე მოხდა შეხლა-შემოხლა. სტუდენტების თქმით, სენატის სხდომა ღიაა და ყველას შეუძლია დასწრება. სტუდენტების სხდომაზე შეშვებას ითხოვდნენ ლექტორებიც.

კანცლერის პოზიციაზე კენჭს მხოლოდ ერთი კანდიდატი, გიორგი გაფრინდაშვილი იყრის, რასაც სტუდენტები ბოლო დღეებია, აპროტესტებენ. ისინი გაფრინდაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

"როგორც გუშინწინ აღიარა რექტორმა, უნივერსიტეტს ჰყავს უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ დანიშნული პირი, რომელიც ამავდროულად არის ბატონი გაფრინდაშვილის მეგობარი, კოლეგა. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს უსაფრთხოების სამსახური მხარს უჭერს ამ კანდიდატს და ამას ჩვენ აღვიქვამთ უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვად", - თქვა სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ.

გიორგი გაფრინდაშვილი ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები