ყაჩაღობა

შსს: ქეთევან იგნატოვას სახლის დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პუბლიცისტ ქეთევან იგნატოვას სახლის დაყაჩაღებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული პირი დააკავეს. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კ.-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ღამით, თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ზაზა ც.-ს საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქეთევან ი.-ს ოქროს ბეჭედი, 200 ლარი, 2 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, 2 ნოუთბუქი, 400 დოლარი და რარიტეტული მედლები ცივი იარაღის მუქარით გასტაცა. მან სახლში მყოფ 5 ადამიანს, მათ შორის, ერთ მცირეწლოვან ბავშვს, ერთ საათზე მეტი დროის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. ბოროტმოქმედთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, ოჯახის უფროსს ზაზა ც.-ს და მის მეუღლეს ქეთევან ი.-ს დანით სხეულზე დაზიანებები მიადგათ. ბრალდებულმა ნაყაჩაღარ ნივთებთან ერთად მიმალვა მოახერხა. დაჭრილ ცოლ-ქმარს სამედიცინო დახმარება სტაციონარში ჩაუტარდათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია" - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რევაზ კ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი - 2 დანა და 210 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და მე-3 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით).

კომენტარები