ტერაქტები ბრიუსელში

ოფიციალური განცხადებებით, ბელგიაში ტერაქტებმა მინიმუმ 26 ადამიანი იმსხვერპლა

Reuters

ოფიციალური განცხადებებით, ბელგიაში ტერაქტებმა სულ მცირე 26 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 136.

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, აეროპორტის ტერაქტებისას დაიღუპა 11 ადამიანი, დაშავდა 81. როგორც პროკურორმა თქვა, ეს აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

ბელგიის მეტროკომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით კი, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა მეტრო მაალბეკში აფეთქების შედეგად, დაშავდა 55, მათ შორის 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, ბელგიური მედიის ინფორმაციით, აეროპორტში კალაშნიკოვის ნაწილი იპოვეს.

ბელგიაში ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონეა გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ 4 დღის წინ ბრიუსელში პარიზის ნოემბრის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი დააკავეს, რომელმაც თქვა, რომ ტერაქტების მოწყობას ბრიუსელის აეროპორტიდან გეგმავდა.

ბრიუსელის აეროპორტი მუშაობას ხვალ, ადგილობრივი დროით, 06:00 საათზე განაახლებს.

კომენტარები