აზერბაიჯანული მხარე: სომხეთმა ჩვენი პოზიციები ნაღმმტყორცნებით 120-ჯერ დაცხრილა

Reuters

მთიან ყარაბაღში დაძაბულობა გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის საბრძოლო პოზიციებს მთელი ღამის განმავლობაში ცხრილავდნენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის არცრუნ ჰოვანისიანის თქმით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ე.წ. სმერჩი გამოიყენეს. მისი თქმით, ინციდენტი ღამის საათებში მოხდა, რა დროსაც გაგრძელდა დასახლებული პუნქტებისა და საბრძოლო პოზიციების დაცხრილვა, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული პოზიციები ნაღმმტყორცნებით 120-ჯერ დაცხრილეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ვაგიფ დარგიახლის თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზსა და შაბათს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სიტუაციას აკონტროლებენ.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის "თავდაცვის მინისტრი" კი აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონაში რამდენიმე სოფელი დაიბომბა. ინტენსიური შეტაკებების მიუხედავად, სომეხი სამხედროები სტეფანაკერტს ჯერჯერობით არ ტოვებენ, არაღიარებულ რესპუბლიკაში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. გენდაპეტ არასტარიანის თქმით, შეტაკებებში რუსი სამხედროები არ მონაწილეობენ.

აზერბაიჯანის ელჩი აშშ-ში ელინ სულეიმანოვი ამბობს, რომ რუსეთის, როგორც მინსკის ჯგუფის წევრის როლი, ამ კონფლიქტის მოგვარებაში ძალიან დიდია. მისი თქმით, აზერბაიჯანს სურს, რომ იხილოს რუსეთის მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი ამ ვითარებაში.

"რუსეთი მინსკის ჯგუფის დამფუძნებელი წევრია და ჩვენ გვსურს, ვიხილოთ რუსეთის, როგორც დამაკავშირებელის უფრო მეტი პოზიტიური ჩართულობა. ახლანდელი წინადადება მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებებში სწორედ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისგან წამოვიდა. ეს არის რუსეთის წინადადება. აზერბაიჯანი მზად არის ამ წინადადების განსახილველად, არ ვიცით, რას ფიქრობს სომხური მხარე. ჩვენ ცალმხრივად გამოვაცხადეთ ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენი ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის ნახვა რუსეთსაც სურდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს რუსეთმა შეასრულოს მნიშვნელოვანი, პოზიტიური როლი. ჩემი ინფორმაციით, აზერბაიჯანში არის გარკვეული წუხილი, რუსულ მედიაში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის თემის და მსგავსი საკითხების ძალიან ნეგატიურად გაშუქებასთან დაკავშირებით, ამის ნახვა ძალიან სამწუხაროა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ მეზობლები ვართ და საერთო ინტერესები გვაქვს. ეს არის თემები, რომლებსაც განვიხილავთ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, არსებობს მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა რუსეთსა და სომხეთს შორის. ასე რომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რუსი მეგობრები და მეზობლები დაარწმუნებენ სომხეთს და ძალადობის შეჩერებაში დაგვეხმარებიან", - აღნიშნა სულეიმანოვმა.

ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ ორივე მხარეს აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. კონფლიქტთან დაკავშირებით სერგეი ლავროვსა და ჯონ კერის სატელეფონო საუბარი შედგა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მოსკოვი და ვაშინგტონი კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ვითარების შემდგომი დაძაბვისაგან. ისინი ცალსახად გმობენ ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის ფაქტებს.

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის ესკალაციას 33 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები