ქრთამის აღება

ქრთამის აღებისთვის სიღნაღის საკრებულოს ქართული ოცნების წევრები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, სიღნაღის საკრებულოს წევრები გიორგი მათეშვილი და იოსებ ბეგიაშვილი, ასევე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ბესიკ ბალარჯიშვილი დააკავა. გიორგი მათეშვილი სიღნაღის საკრებულოში ქართული ოცნების მაჟორიტარული სიით მოხვდა, ხოლო იოსებ ბეგიაშვილი - პარტიულით.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 ლარად შესყიდვაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 100 000 ლარი, ხოლო წინასწარ გამოართვეს 60 000 ლარი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ქრთამის სახით აღებული თანხა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილი „გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.

კომენტარები