საქართველოს ეკონომიკა

საქართველო არსებული ზრდით 10 წელში ევროპას ვერა, მაგრამ ბურიატიის ოლქს დაეწევა

russiatrek.org

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველო 10 წლის შემდეგ ნამდვილი ევროპული სახელმწიფო იქნება, რომელსაც მზარდი და დინამიური ეკონომიკა ექნება. საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2013-2015 წლებში საშუალოდ ყოველწლიურად 3.6%-ით იზრდებოდა. თუ მომავალი 10 წლის მანძილზეც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უცვლელი იქნება მსყიდველობის მიხედვით, საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე $10.798 გახდება. თუ ამ რიცხვს აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს შევადარებთ დავინახავთ, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ ქვეყნებთან უახლოეს მომავალში დაახლოების საფუძველს არ იძლევა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსყიდველუნარიანობის მიხედვით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მშპ ერთ მოსახლეზე ასე გამოიყურება:

  • რუმინეთი მშპ ერთ მოსახლეზე - $19,401
  • ბულგარეთი მშპ ერთ მოსახლეზე - $16,617
  • ესტონეთი მშპ ერთ მოსახლეზე - $26,945
  • ხორვატია მშპ ერთ მოსახლეზე - $21.210 

რა უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი

იმისთვის, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე ბულგარეთის ტოლი, ანუ ერთ მოსახლეზე $16 ათასი დოლარი გახდეს, მომავალი 10 წლის მანძილზე ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 8% უნდა იყოს. რუმინეთსა და ხორვატიასთან დასაახლოვებლად კი მომავალი ათი წლის მანძილზე 10-11%-იანი ზრდაა საჭირო. ესტონეთის დონის მისაღწევად კი, საქართველოს შემდგომი ათი წელი 13%-იანი ზრდა მაინც ესაჭიროება.

რამდენ წელში დაეწევა საქართველო ევროპულ ქვეყნებს არსებული ზრდის ტემპით

თუ მომავალი 10 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად 3.6%-ით გაიზარდა, მშპ ერთ მოსახლეზე ბულგარეთის დონეს 21 წელში დაეწევა. რუმინეთისა და ხორვატიის დღევანდელ სიმდიდრემდე მისაღწევად კი 28 წელი იქნება საჭირო. 

ვის დაეწევა საქართველო 10 წლის შემდეგ არსებული ზრდის პირობებში

თუ ეკონომიკური ზრდა მომავალი ათი წლის მანძილზე 3.6% იქნა, საქართველო ევროპას ვერა, მაგრამ რუსეთის ზოგიერთი ოლქის სიმდიდრეს მაინც მიუახლოვდება. რუსეთში მშპ ერთ მოსახლეზე $25.6 ათასია, თუმცა, ის რეგიონების მიხედვით ცვალებადია და დაახლოებით $5 ათასიდან $57 ათასამდე მერყეობს. თუკი საქართველოს ეკონომიკა მომავალი ათი წლის მანძილეც გააგრძელებს იმ ეკონომიკურ ზრდას, რაც გასული სამი წლის მანძილზე იყო საქართველოში მშპ ერთ მოსახლეზე $10.8 ათასი იქნება, რაც ახლოსაა რუსეთის როსტოვის ოლქთან, ასევე ახლოსაა ბურიატიისა და ვლადიმირის ოლქების დღევანდელ სიმდიდრესთან. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო ზრდამ 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით აღემატებოდა.

კომენტარები