განათლების რეფორმა

სტუდენტებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს

აუდიტორია 115

აუდიტორია 115-ის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს. ისინი პრემიერმინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. ასევე მოუწოდებენ პრემიერმინისტრის აპარატს, გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეების მოთხოვნების შესახებ აცნობონ. კანცელარიასთან პოლიციაა მობილიზებული.

დღეს დილიდან მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრებმა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავეს. შემდეგ კი, განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნით, აქცია გამართეს პირველი კორპუსის შენობასთან. მათ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. 

სტუდენტების თქმით, განათლების მინისტრთან და მის მოადგილეებთან შეხვედრებმა რეალური შედეგი ვერ გამოიღო მიუხედავად იმისა, რომ მათ არაერთი საჯარო დაპირება მოისმინეს. 

სტუდენტებმა 4 მოთხოვნა წარმოადგინეს:

"1. უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობას უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა უნდა გაუქმდეს;

2. დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა;

3. ვითხოვთ პრემიერმინისტრის მოსვლას I კორპუსის #115 აუდიტორიაში (პირობითად 16:00 საათზე). მთავრობის  თავმჯდომარემ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს:

- არის თუ არა მზად მმართველი ძალა, წინა ორ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებლივ გასატარებლად. კანონი ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა შეცვალოს!

- გატარდება თუ არა განათლებისა და მეცნიერების რეფორმა 2013 წელს შემუშავებული კონცეფციის მიხედვით; მზად არის თუ არა მთავრობა გარე რეგერირების მექანიზმის დასანერგად; რა იგეგმება უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად;

- გაიზრდება თუ არა უნივერსიტეტის დაფინანსება;        

4. ოდეერების საქმის გამოძიება",- ამბობენ სტუდენტები.     

კომენტარები