ინფლაცია

სერგეენკო: გამაგებინეთ, რანაირად არის ფასების ზრდა და ინფლაცია ერთი და იგივე

ipress.ge

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში დეპუტატ ვიქტორ დოლიძის კითხვაზე, რომელიც მედიკამენტების ფასების მაღალ ინფლაციას შეეხებოდა, განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, თუ რა კავშირი არსებობს ინფლაციასა და ფასების ზრდას შორის. ამიტომაც სერგეენკო ამ მიმართულებით დეპუტატებისგან დამატებით განმარტებებს ელოდება. 

"თქვენ ბრძანეთ, რომ ინფლაცია ჯანდაცვის სექტორში ორჯერ მაღალია, ვიდრე სხვა დარგებში. არ ვიცი უბრალოდ და თუ მომაწვდით ამ ინფორმაციას, კარგი იქნება. ინფლაციასთან რა შუაშია წამლების ფასი, გამაგებინეთ? ინფლაცია ერთი რამეა და ფასების ზრდა და შემცირება - სხვა რამე. რანაირად არის ერთი და იგივე. რანაირად არის ინფლაცია და ფასების ზრდა ერთი და იგივე, გამაგებინეთ, ხალხო. არ ვიცი უბრალოდ. მერე როდესმე დავილაპარაკოთ ამაზე", - ამბობს სერგეენკო.

ინფლაცია ეკონომიკაში პერიოდის მანძილზე (წლის, თვის და ასე შემდეგ) სამომხმარებლო კალათის, პროდუქციისა და მომსახურების ფასების საერთო დონის ზრდას ეწოდება. ინფლაცია ასევე ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლებადაც მოიაზრება.

საქართველოში ინფლაციის დონის გაზომვა საქსტატს ევალება, სწორედ ეს უწყება ადგენს, თუ როგორ შეიცვალა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფში, მაგალითად: სურსათში, ტრანსპორტში, ჯანდაცვაში, კავშირგაბმულობასა და სხვა სექტორებში წლიდან წლამდე ფასები. სწორედ საქსტატის მონაცემებთან დაკავშირებით დაუსვა ვიქტორ დოლიძემ დავით სერგეენკოს კითხვა წამლების ფასზე, რადგანაც საქსტატის ცნობით, ჯანდაცვის სექტორში ფასები წინა წელთან შედარებით 10.2%-ით არის გაზრდილი, რაც სხვა სექტორებში არსებულ ფასების ზრდას ანუ 4%-ს ორჯერ აღემატება. 

 

კომენტარები