რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის დირექტორი კიდევ ერთი მოსამართლის აცილებას ითხოვს

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა. მისი თქმით, ყაველაშვილი იყო იმ კოლეგიის თავმჯდომარე, რომელმაც 2013 წელს ნიკა გვარამიას საქმე განიხილა და ის გაამართლა.

გვარამიას თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, განაჩენი გამამართლებელი იყო თუ გამამტყუნებელი, აუცილებელია შორენა ყაველაშვილი ჩანაცვლდეს ისეთი მოსამართლით, რომელსაც, მისი თქმით, მასთან შემხებლობა არ ჰქონია. 

მანამდე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ადვოკატების მტკიცებით, გუჯაბიძე არასამთავრობო ორგანიზაცია "მოსამართლეთა ერთობის" დამფუძნებელია, რომელიც რუსთავი 2-ის საქმის განხილვისას თამაზ ურთმელიძის უფლებებს იცავდა.

თავის მხრივ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ითხოვდა, არ დაეკმაყოფილებინა კოლეგიას აღნიშნული შუამდგომლობა.

შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან რუსთავი 2-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

კომენტარები