ავიაკატასტროფა

ხმელთაშუა ზღვაში დაკარგული თვითმფრინავის ნაწილების ძებნა გრძელდება

Reuters

ხმელთაშუა ზღვაში EgyptAir-ის თვითმფრინავ А320-ის ნაწილებს ამ დრომდე ეძებენ.

გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბერძნეთის სანაპიროებთან Airbus A320-ის ნაწილი იპოვეს, თუმცა BBC-ის ცნობით, ჯერჯერობით არ დასტურდება, რომ ეს ნაწილი ნამდვილად გუშინ დაკარგული თვითმფრინავისაა.

სამძებრო სამუშაოებში ეგვიპტის, საფრანგეთის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, კვიპროსის, იტალიისა და აშშ-ის ხომალდები მონაწილეობენ.

გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, თვითმფრინავის გაუჩინარება ავიაკატასტროფად შეაფასა.

ეგვიპტის ავიაციის მინისტრის თქმით კი, EgyptAir-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ტერაქტის ვერსია უფრო ძლიერია, ვიდრე ტექნიკური წუნის არსებობის შესაძლებლობა, თუმცა, მისივე თქმით, ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზების დასადგენად, პირველ რიგში, თვითმფრინავის ნაწილების პოვნა და შესწავლაა აუცილებელი.

თვითმფრინავში 66 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, 56 მგზავრი, ეკიპაჟის 7 წევრი და დაცვის 3 თანამშრომელი.

კომენტარები