ქართული ოცნება

პრემიერი: კოღუაშვილმა დაუფიქრებელი განცხადებების ყველანაირი რეკორდი მოხსნა

დავით კოღუაშვილი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. მას ნამდვილად ვერ დავწამებ, რომ ის რამე დადებით სენტენციებს განიცდის სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, მან ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებების. ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ის რაც მან ისაუბრა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის, შეიძლება, წარსულში წევრების და მომავალში ცალკე პარტიის წარმომადგენლების მიმართ. ყველა ადამიანი, ვისთან ერთადაც მოვიპოვეთ გამარჯვება, არის ძალიან გასაფრთხილებელი. მე თვითონ პირადად, ძალიან ვუფრთხილდები, რომ გავაკეთო ისეთი განცხადებები, რომ პიროვნულად რაიმე შეურაცხყოფა მივაყენო ან გული ვატკინო თუნდაც ყოფილ თუ დღევანდელ თანაგუნდელებს. დღეს არის ეს განახლების პროცესი, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თითოეულ ადამიანს გავუფრთხილდეთ და ნამდვილად ვფიქრობ, რომ ბევრი განცხადება დავითის იყო საკმაოდ დაუფიქრებელი. რაც შეეხება რაიმე პოზიტიურ გრძნობებს, მე მგონია, რომ ამაზე არის სრული კონსოლიდაცია არამხოლოდ ჩვენს გუნდში, არამედ საზოგადოებაში და საზოგადების შეფასება წინა ხელიოსუფლების მიმართ არის ერთმნიშვნელოვანი. ამიტომ თვითონ დავითსაც არა მგონია... მე მგონი, ზოგი განცხადება ცოტა კონტექსტიდან გამოგლეჯილი იყო. თუმცა, მას მეტი დაფიქრება მართებს, რა თქმა უნდა, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს, ვინაიდან, თითოეული ასეთი განცხადება უკავშირდება არაერთ ადამიანს საქართველოში.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებებზე. ქართულ გაზეთთან ინტერვიუში კოღუაშვილმა თამაზ მეჭიაური და გოგი თოფაძე გააკრიტიკა, ასევე, თქვა, რომ "სააკაშვილის დროს, ბევრი რამ მოხდა თვისობრივად გარდამტეხი, რასაც ვემხრობი". ასევე, "მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ". რაც შეეხება თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავაზე კოღუაშვილმა განაცხადა, რომ "ალბათ, ეს საქმე გადაისინჯება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო შესაბამის რეგირებას მოახდენს. მე არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში".

კომენტარები