რუსთავი 2-ის საქმე

მურუსიძე: ნათია გუჯაბიძემ თავად თქვა უარი ქირაზე

facebook.com/levan.murusidze.98

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის ინფორმაციით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ თავად მიმართა საბჭოს ქირავნობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. თუმცა, მურუსიძე დეტალებზე არ საუბრობს.

"დისციპლინური სამართალწარმოება კონფიდენციალურია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხი გუშინ იყო, რომ გუჯაბიძის მიმართ არასდროს ყოფილა რაიმე სახდელი დაკისრებული. მან განცხადებით მიმართა საბჭოს და თავად თქვა უარი ქირაზე", - თქვა მურუსიძემ.

მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბარში არ განმარტა, რა მიზეზით მოითხოვა გუჯაბიძემ ქირავნობის შეწყვეტა.

ამასთან, მურუსიძემ არ უპასუხა კითხვებს, იცოდა თუ არა საბჭომ, რომ ნათია გუჯაბიძე ოჯახის წევრისგან ქირაობდა ბინას და მიღებული პრაქტიკაა თუ არა ოჯახის წევრისგან ბინის დაქირავება. პასუხის არგაცემა მან საკითხის კონფიდენციალურობით ახსნა.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი წევრი ნათია გუჯაბიძე თაღლითობაშია შემჩნეული. გვარამიას თქმით, ამის გამო, პროკურატურის მხრიდან გუჯაბიძეზე ზეწოლა მიმდინარეობს. გვარამიასვე ცნობით, გუჯაბიძეს 2014 წელს გამოეყო სახელმწიფოსგან სახსრები იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში და სამოსამართლო უფლებამოსილების შესრულებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება. მან კი სახლი დედისგან იქირავა. გვარამიას თქმით, ამ ფაქტის შესახებ იუსტიციის საბჭოსთვის ცნობილი იყო, თუმცა, საქმე პროკურატურაში არ გადაგზავნილა. გუჯაბიძის დედამ, მანანა დოლიძემ დაადასტურა, რომ 2014 წელს ბინას ნამდვილად აქირავებდა და საფასურს სახელმწიფოსგან იღებდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სახლი თავის შვილზე გაქირავებული, დოლიძე გაბრაზდა და ტელეკომპანიის წარმომადგენლებს "თაღლითები" უწოდა. გუშინ იუსტიციის საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ გამოთქმული ბრალდებები თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. საბჭოს მოსაზრებით, მსგავსი ბრალდებები მოსამართლის დემორალიზაციას და ამ გზით, სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება.

კომენტარები