ვიზალიბერალიზაცია

უსუფაშვილი: ვიზებზე გადაწყვეტილების ვერ მიღება მომავალში კარგ შანსებს ტოვებს

facebook.com/DavidUsupashviliOfficial

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ. ნეგატიურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილების ვერ მიღება საქართველოსთვის მომავალში კარგ შანსებს ტოვებს. უსუფაშვილი ამჟამად საქართველოს საკითხთან დაკავშირებით სკეპტიკურ გერმანიაში მართავს ვიზიტს.

"ყველა დეტალზე მე ვერ ვისაუბრებ ვერც ჟურნალისტებთან, ვერც სხვასთან, მაგრამ მერწმუნეთ ამ დღეებში აქ საუბრებმა ჩვენ ამაში დაგვარწმუნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების არ მიღება უკეთესი მომავალი გადაწყვეტილების შანსებს ტოვებს და ეს შანსები არის რეალური," - ამბობს უსუფაშვილი.

დღესვე გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ემილი ჰაბერმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა საჭიროა, რომ ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებას დაველოდოთ.

"საქართველოს საკითხის განხილვას დღეს ვგეგმავთ. გეთანხმებით, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. მაგრამ, ჩვენ უნდა დაველოდოთ ე.წ. შეჩერების მექანიზმს, რათა დავრწმუნდეთ, რომ შევძლებთ ზომების მიღებას, თუ უვიზო რეჟიმის წესები ხშირად დაირღვევა", - აღნიშნა ჰაბერმა.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი 20 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე უნდა განიხილონ. 

კომენტარები