დიდი და წმიდა კრება 2016

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო: მარტივი პასუხები მრავალ კითხვაზე

კონსტანტინოპოლის პატრიარქის მრჩეველი და მსოფლიო საპატრიარქოს არქიდიაკონი იოანე ხრისავგისი კრეტის კრების შესახებ განმარტებებს აკეთებს. მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ქართულ ენაზე გთავაზობთ.

"ბევრი კითხვა არსებობს და ნება მომეცით, მარტივი პასუხები შემოგთავაზოთ. შეიძლება თუ არა დოკუმენტებში შევიდეს ცვლილებები? თუკი ეს შესაძლებელია, როგორი უნდა იყოს პროცესი? დიახ, ცვლილებები შესაძლებელია. წესები და გადაწყვეტილებები, რომელიც იანვარში მიიღეს კრებისწინა შეხვედრისას, ახალისებს და მიესალმება კრიტიკას - რათა იყოს უფრო მეტი დისკუსია და რევიზია კრების სესიების დროს.

ველით, რომ ეპისკოპოსები, რომლებიც კრებას დაესწრებიან, აქტიურად ჩაერთვებიან მისი დოკუმენტებისა და გადაწყვეტილებების რევიზიასა და მიღებაში. არავინ გამორიცხავს რევიზიას, არავინ გამორიცხავს ბჭობას და არავის განუსაზღვრავს გადაწყვეტილებები წინასწარ. წმიდა და დიდი კრების დოკუმენტები და გადაწყვეტილებები, ისევე როგორც საბოლოო გზავნილი, წარმოადგენს მთელ მართლმადიდებელ ეკლესიას - 14 ავტოკეფალური ეკლესიის სახით - რომლებმაც აიღეს კრებაში მონაწილეობის და კრების დღის წესრიგის მიმართ ვალდებულება, როდესაც დათანხმდნენ მის მოწვევას, გამოუცხადეს მას მხარდაჭერა და მონაწილეობა მიიღეს მრავალ მოსამზადებელ შეხვედრაში.

არის თუ არა ეს ერთი ეკლესიის კრება, თუ სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების შეკრება? დიდ კრებას აქვს უფრო დიდი ადმინისტრაციული იურისდიქცია, ვიდრე ნებისმიერი ავტოკეფალური ეკლესიის ნებისმიერ ადმინისტრაციულ სინოდს. მას დიდი ჰქვია არა მონაწილე ეპისკოპოსების კადნიერების გამო, არამედ იმიტომ, რომ ის წარმოადგენს უფრო მეტს, ვიდრე ნებისმიერი ადგილობრივი თუ რეგიონული სინოდი. რომელიმე ერთი ან რამდენიმე ეკლესიის არდასწრებით ის შეიძლება არ იყოს პანორთოდოქსული, მაგრამ ის მაინც იქნება დანამდვილებით დიდი. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ის მაინც იქნება პანორთოდოქსული, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ეკლესია მას შეიძლება არ დაესწროს, ყველა ეკლესიამ გადაწყვიტა დიდი და წმიდა კრების მოწვევა არაერთხელ, 2 წლის განმავლობაში.

ისინი იწონებდნენ დოკუმენტებს, წესებს და გადაწყვეტილებებს და დათანხმდნენ სინაქსისს წმიდა და დიდი კრების გამართვამდე სულთმოფენობის ტრაპეზზე.

ყველა ეკლესიამ ასევე ხმა მისცა კრების სავალდებულო ხასიათს - შესაბამისად, დიდი და წმიდა კრების გადაწყვეტილებები იქნება ვალიდური და ავტორიტეტული ყველა ეკლესიისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც შეიცვალა აზრი დასწრებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებები სავალდებულო და ავტორიტეტულია, რადგან ისინი მოდის დიდი და წმიდა კრებისგან, რომელიც მოიწონეს და მოიწვიეს პანორთოდოქსული კონსენსუსის საფუძველზე.

და ბოლოს, ნებისმიერი და ყველა გადაწყვეტილება და დოკუმენტი სათითაოდ გაივლის მიღების და დანერგვის ბუნებრივ პროცესს, გააზრებული კონსენსუსის საფუძველზე - ღვთის ხალხის, ოფიციალური ეკლესიების, სასულიერო პირების და მართლმადიდებელი მორწმუნეების მიერ მთელი მსოფლიოში. ეს ასე ხდებოდა წარსულში მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებებისა და დოქტრინალური დეფინიციების მიღების შემთხვევაშიც კი", - ამბობს მამა იოანე ხრისავგისი.

 

კომენტარები