ადგილობრივი ხელისუფლება

თავდემები: ადგილობრივი ჩინოვნიკების ფუფუნებაზე უზარმაზარი თანხები იხაჯება

პარტია თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, აუცილებელია, TI-ის კვლევით სახელმწიფო აუდიტის სამსახური და პროკურატურა დაინტერესდეს. საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ცაგარეიშვილმა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გუშინ, 21 ივნისს გამოქვეყნებულ კვლევაზე ისაუბრა. TI-ის მიხედვით, საქართველოს 27 მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტია.

„მაშინ, როცა ფაქტობრივად მთელი საქართველო უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს და სოციალურად დაუცველთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს, ადგილობრივი ბიუჯეტი იხარჯება უმიზნოდ და უზარმაზარი თანხები მიემართება ადგილობრივი ჩინოვნიკების, მოხელეების, ადგილობრივი ბიუროკრატიის ფუფუნებაზე, პრემიებზე, დახმარებებზე, გაზრდილ ხელფასებზე და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული თანხები უნდა იყოს მიზნობრივად დახარჯული, მიმართული იყოს სოციალური შეჭირვებიდან როგორმე ამოსაყვანად. ყველა რეგიონში არის უზარმაზარი გადახარჯვები. მილიონობით ლარი არის მიმართული არამიზნობრივად იმისთვის, რომ გაეზარდოთ დაფინანსება საჯარო მოხელეებს და გაიზარდოს ბიუროკრატია, რომელიც ფაქტობრივად, არსებობს დანარჩენი საქართველოს ხარჯზე," - ამბობს ცაგარეიშვილი. მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში „სრული ქაოსია".

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, საქართველოს 27 მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, "გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს.

როგორც კვლევის მიხედვით ჩანს, მარტვილის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები კანონით განსაზღვრულს 5,5%-ით აჭარბებს, შუახევის მუნიციპალიტეტში 7,05%-ით, ქედაში 27,35%-ით და ა.შ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მოახდინონ ბიუჯეტის კორექტირება და შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული ხარჯები შესაბამისობაში მოიყვანონ 25%-იან ზღვართან. ასევე, TI-ის განცხადებით, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი, საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილდეს.

კომენტარები