რუსეთ-უკრაინის ომი

სავჩენკო: უკრაინას აქვს არა სამოქალაქო ომი, არამედ ომი რუსეთთან

bbc.com

უკრაინელი მფრინავკის ნადეჟდა სავჩენკოს შეფასებით, უკრაინის ხელისუფლებას არ შესწევს იმის უნარი, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. Deutsche Welle-სთან ინტერვიუში, სავჩენკო სხვა ქვეყნებთან ავლებს პარალელს  და ამბობს, რომ ოფშორული სკანდალების დროს, ინგლისი, ისლანდია და „მსგავსი ქვეყნების“ პოლიტიკოსები განმარტებებს იძლეოდნენ ან თანამდებობებს ტოვებდნენ.

„ჩვენთან კი რა ხდება? ჩვენი ხალხი ასე რეაგირებდა: „რამდენი მოიპარეს? ა, მადლობა ღმერთს, მეტი არა“. ეს საშინელი მდგომარეობაა. უკრაინელი და რუსი ხალხი მიეჩვია ცუდად ცხოვრებას,“ - ამბობს სავჩენკო.

უკრაინელმა მფრინავმა ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ე.წ რესპუბლიკების ლიდერებს უკრაინასთან საუბარი სურთ. სავჩენკო თვლის, რომ შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს და პრობლემები ქვეყნის შიგნით გადაწყდეს. ის ხაზს უსვამს რუსეთის პოლიტიკურ როლს ამ კონფლიქტში და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ „უკრაინას აქვს არა სამოქალაქო ომი, არამედ ომი რუსეთთან, რუს სამხედროებთან, რუსული იარაღით.“

„რუსეთი რითაც არ უნდა იყოს დაინტერესებული, ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა რამეა - მსურს, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილება, არ შეუშინდნენ მის დაცვას რუსეთისგან და წამოვიდნენ მოლაპარაკებებზე. რუსეთს არ აქვს უფლება, სხვა ქვეყნის საზღვრები დაარღვიოს, არ აქვს უფლება, სხვას მოახვიოს თავზე საკუთარი აზრი, ამიტომ მე ვთვლი, რომ რუსეთი სახლში უნდა დაბრუნდეს, ჩვენ კი, დავიწყებთ იმაზე უკეთეს ცხოვრებას უკრაინაში, ვიდრე აქამდე ვცხოვრობდით,“ - აცხადებს სავჩენკო.

მისი თქმით, ის ციხიდან გამოუშვეს არა პოლიტიკოსების, არამედ იმ ხალხის წყალობით, რომელიც თანამდებობის პირებს მისი დავიწყების საშუალებას არ აძლევდა.

„ვიღაც ლოცულობდა, ვიღაც აქციებზე დადიოდა, ვიღაც საელჩოებს მიმართავდა, ვიღაც მღეროდა, ვიღაც ქარგავდა. მხოლოდ ხალხს შეუძლია ამის მიღწევა, ამაშია დემოკრატიის ძალა,“ - აღნიშნავს სავჩენკო.

ნადეჟდა სავჩენკომ რუსეთისადმი ევროპის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. ის თვლის, რომ თუ ევროპა იცავს ადამიანის უფლებებს, უმოქმედობას ვერ შეძლებს. მისი თქმით, არსებობს ორი ვარიანტი: იარაღის ენით საუბარი ან მოქმედება ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტრუმენტებით. სავჩენკო ამბობს, რომ ევროპა ვალდებულია, ცივილიზებულად, ეკონომიკისა და პოლიტიკის ენით ესაუბროს რუსეთს. მისი თქმით, ეკონომიკური სანქციების გამო უბრალო ადამიანები იტანჯებიან. ამიტომაც, სავჩენკოს შეფასებით, სანქციები უფრო პერსონალური უნდა გახდეს, რათა დაისაჯონ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ამას იმსახურებენ. სავჩენკო მიიჩნევს, რომ სასურველი იქნება, ეკონომიკური სანქციები ეტაპობრივად მოიხსნას.

ნადეჟდა სავჩენკომ რუსეთის მიერ მისი დელეგატის სტატუსისა და პოლიტიკური იმუნიტეტის არაღიარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არ თვლიან იმ ორგანოდ, რომელსაც შეუძლია რაიმე სახის იმუნიტეტის მინიჭება.

„გამოდის, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ დელეგატები იმ სტრუქტურაში, რომელსაც პატივს არ სცემენ და რომლის წესებსაც არ იცავენ? რატომ? მხოლოდ მაშინ უნდა შეძლოს რუსეთის დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება, როდესაც რუსეთში ჩატარდება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, როდესაც იქნება ახალი ხელისუფლება, შეიცვლება პრეზიდენტი - აი, მაშინ შეიცვლება იმ დელეგაციის შემადგენლობა, რომელსაც აგზავნიან ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში. ეს იქნება ხალხი, რომელიც პატივს სცემს სხვა ადამიანებს, აღიარებს ევროპულ ფასეულობებს და რომელთანაც საუბარი შეიძლება,“ - აცხადებს ნადეჟდა სავჩენკო.


კომენტარები