24 ივნისის Bloomberg-ის სავალუტო აუქციონზე ვაჭრობა ლარისთვის მკვეთრი გაუფასურებით დაიწყო, რისი მიზეზიც სავარაუდოდ დიდი ბრიტანეთის ისტროიული რეფერენდუმის შედეგებია. ვაჭრობის დაწყებისას დოლართან მიმართებით ლარის ღირებულება 2.23-ს შეადგენდა, ახლა კი ერთი დოლარის ღირებულება Bloomberg-ის სისტემაში თითქმის 2.30-ს შეადგენს. გაუფასურება რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებისთანავე დაიწყო. 23 ივნისის კურსით ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3.26 ლარი ღირდა, ახლა კი მისი ღირებულება 3.16-მდე შემცირდა.
BREXIT-ის გამო გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით 31 წლიან მინიმუმზე დაეცა, ამჟამად ერთი ფუნტის ღირებულება 1.358 დოლარს შეადგენს. ბარელი ნავთობის ფასი 5%-ით $47-მდე შემცირდა, ოქროს ფასი კი 8.1%-ით ბოლო ორი წლის რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა.
BREXIT-ის შედეგები გლობალურ ბაზრებზე ასე გამოიყურება:
- გირვანქა სტერლინგი 11%-ით გაუფასურდა და ის 1985 წლის მინიმუმზეა
- S&P 500-ის ინდექსი 5.1%-ით შემცირდა
- ლონდონის FTSE 100-ის ინდექსი 9%-ით შემცირდა
- ოქროს ღირებულება 8.1%-ით, უნციაზე $1,358.54-მდე გაიზარდა
- იენი დოლართან 3.7%-ით გაიზარდა
- ბარელი ნავთობის ფასი 5%-ით $47-მდე შემცირდა
- პოლონური ზლოტი 1993 წლის მინიმუმამდე შემცირდა
- სამხრეთ აფრიკული რანდი 7%-ით გაუფასურდა