D.C. Leaks

გენერალი ბრიდლავი რუსეთის მიმართ ობამას პოლიტიკის გამკაცრებას ცდილობდა

NATO

DC Leaks-ზე გამოქვეყნებული ელექტრონული მიმოწერებიდან ირკვევა, რომ აშშ-ის საჰაერო ძალების ოთხი ვარსკვლავის მქონე გენერალი და ევროპაში NATO-ს ძალების ყოფილი უმაღლესი სარდალი ფილიპ ბრიდლავი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს პრეზიდენტ ობამას რუსეთის მიმართ რბილ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა და რუსეთზე სამხედრო ზეწოლას ემხრობოდა.

The Intercept აღნიშნავს, რომ საჰაერო ძალების მეთაურები კონგრესში ობამაზე პოლიტიკურ ზეწოლას ცდილობდნენ, რათა აშშ-ს უკრაინის მთავრობისთვის ლეტალური დახმარება გაეწია. ობამა ამ ნაბიჯის გადადგმას ერიდებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს პუტინის მხრიდან კონფლიქტის გამწვავების, უკრაინაში უფრო ღრმად შეჭრისა და მეტი სისხლისღვრის რისკს წარმოქმნიდა.

გამოქვეყნებული მასალებიდან ერთ-ერთი ყოფილ სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელთან მიმოწერაა, სადაც ბრიდლავი პაუელს სთხოვს, ურჩიოს, როგორ მოახდინოს ზეწოლა ობამას ადმინისტრაციაზე, რომ ამერიკამ რუსეთთან მიმართებით უფრო აგრესიული პოზიცია დაიკავოს.

"შესაძლოა ვცდები, მაგრამ თეთრ სახლს ევროპასთან და NATO-სთან მუშაობის ენთუზიაზმს ვერ ვატყობ. ამის ნაცვლად ისინი წუხან, რომ მეტმა ჩართულობამ შესაძლოა კონფლიქტში ჩაგვითრიოს. იმის ნაცვლად, რომ დაინახონ შესაძლებლობა, როგორც ამას ჩვენი უახლოესი მოკავშირეები ხედავენ. ორ საკითხზე მჭირდება შენი რჩევა: როგორ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, ამ პერიოდში, როდესაც ყველა თვალი ე.წ. ისლამური სახელმწიფოსკენ არის მიმართული და მეორე, როგორ ვიმუშაო ამ საკითხზე პერსონალურად პრეზიდენტთან", - წერს ბრიდლავი ელექტრონულ წერილში.

მიმოწერებიდანვე ირკვევა, რომ პაუელი ბრიდლავის ინიციატივას დათანხმდა და შეხვედრასა და ამ თემაზე დისკუსიას დაჰპირდა. პაუელთან დაკავშირებამდე ბრიდლავმა თავისი გეგმა ატლანტიკური საბჭოს მრჩეველ ჰარლან ულმანსაც გაანდო.

ამავე საკითხზე ბრიდლავს მიმოწერა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების ყოფილ უმაღლეს სარდალ უესლი კლარკთანაც ჰქონდა.

ფილიპ ბრიდლავი NATO-ს სამხედრო ლიდერის პოზიციიდან მაისში გადადგა, ხოლო სამხედრო კარიერა 1 ივლისს დაასრულა.

D.C. Leaks-ის (საიტი რომელმაც ელექტრონული მიმოწერები გაასაჯაროვა) უკან მდგარი პიროვნება, საკუთარ თავს "ჰაკტივისტს" უწოდებს, რომელიც აგროვებს ცნობილი პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიებისა და მაღალი რანგის სამხედრო პირების მიმოწერებს. ვებსაიტს უკვე გამოქვეყნებული აქვს ისეთი ფიგურების მიმოწერები, როგორებიც არიან ჰილარი კლინტონი და ჯორჯ სოროსი.

D.C. Leaks-ის გამოჩენას, The Economist-ის ჟურნალისტი ედვარდ ლუკასიც გამოეხმაურა. მისი აზრით, საიტის შესავალი არ ჰგავს ისეთი ადამიანის დაწერილს, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენაა. ლუკასისვე შეფასებით, ეს ყველაფერი რუსული კვალის არსებობის შესაძლებლობისკენ მიგვითითებს.

კომენტარები