თბილისობა 2016

ნარმანია: წლევანდელი "თბილისობა" განსაკუთრებით მასშტაბური იქნება

ტაბულა

"თბილისობა 2016" 15-16 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, "დღესასწაული წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს". თბილისის მერიის ცნობით, მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, თბილისობის თემასთან დაკავშირებით თავიანთი აზრი დააფიქსირონ.

"ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში მიმდინარე წლის 31 ივლისამდე მიიღება. შემოსული განაცხადები სადღესასწაულო ღონისძიების საერთო კონცეფციასთან შესაბამისობაში
განიხილება. დაინტერესებულ პირებს განაცხადების შემოტანა შეუძლიათ, თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. #7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე", - აცხადებს მერია და აღნიშნავს, რომ თბილისობა კონკრეტულ თემას უნდა მიეძღვნას.

"შარშან დღესასწაული გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას მიეძღვნა. თემასთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ წინადადებები წარადგინონ თბილისის მერიაში. გარდა ამისა, მიმართონ მერიის ან კულტურის საქალაქო სამსახურს FACEBOOK გვერდზე. თბილისის მერიაში შეიქმნება კომისია, რომელიც დედაქალაქის მთავრობის წევრებით დაკომპლექტდება. აღნიშნული კომისია, მოქალაქეების მხრიდან შემოსულ წინადადებებზე
იმსჯელებს. გარდა ამისა, უზრუნველყოფს ღონისძიების სრულყოფილად, შეუფერხებლად ჩატარებას", - აცხადებს დედაქალაქის მთავრობა.

კომენტარები