ჯონ კერის ვიზიტი

უსუფაშვილი: შევთანხმდით, რომ არჩევნები უნდა შედგეს თავისუფალი გარემოს პირობებში

facebook.com/DavidUsupashviliOfficial

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა. დავით უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე მედიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ თემებზე არ უსაუბრიათ. მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სამართლიანი და თანასწორი არჩევნები. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, არამედ რესპუბლიკური პარტიის ლიდერის სტატუსითაც შეხვდა.

"ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო ვარშავის სამიტის წინ. ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ვაღრმავებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომელსაც გუშინ მოეწერა ხელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, მოგვცემს საშუალებას, უკეთ ჩავერთოთ საერთაშორისო პროცესებში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენთვის, საქართველოსთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ბევრი სხვა მიმართულებით - ეკონომიკის აღორძინების, დემოკრატიის განვითარების. შევთანხმდით იმაზე და ეს ძალიან მარტივი იყო შესათანხმებლად, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალი პოლიტიკური გარემოს პირობებში და ამას, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიექცევა ყურადღება, როგორც ყოველთვის იყო ასე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ჯონ კერი უკრაინაში უკვე გაემგზავრა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იქიდან ვარშავაში ჩავა, სადაც NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები