არჩევნები 2016

ბურჭულაძე: ჩვენი ეკონომიკური გეგმა საქართველოს მოსახლეობაზეა მორგებული

pia.ge

მოძრაობამ პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის ეკონომიკური გეგმის პრეზენტაცია გამართა. მათი გეგმით, საშემოსავლო და მოგების გადასახადი უნდა შემცირდეს. ასევე, მცირე ბიზნესს დაუწესდება შეღავათები. პაატა ბურჭულაძის თქმით, "მათი ეკონომიკური გეგმა საქართველოს მოსახლეობაზეა მორგებული".

მოძრაობის წევრის გიორგი პაპავას თქმით, მათი პოლიტიკური გაერთიანება გამარჯვების შემთხვევაში პენსიის 250 ლარამდე, ხოლო საარსებო შემწეობის 50%-ით გაზრდას აპირებს. 

"ეს ცვლილებები, რასაც ექნება მყისიერი ეფექტი, არის, ერთი მხრივ, საგადასახადო ლიბერალზაცია, კონკრეტულად კი, საშემოსავლო და მოგების გადასახადების შემცირება 15%-მდე. მცირე ბიზნესზე დაკისრებული ბრუნვის გადასახადის შემცირება 3-დან 2%-მდე, დღგ-ის ზღვრის გაზრდა 200 000 ლარამდე, მიკრობიზნესის ზღვრის გაზრდა 60 000 ლარამდე. პენსია დღესვე იყო შესაძლებელი, რომ ყოფილიყო 250 ლარი და ჩვენ მოვახერხებთ ამ რეფორმის გატარებასაც", - თქვა პაპავამ.

პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეკონომიკური განვითარების ოთხწლიანი გეგმის შედეგად იქნება 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, ასევე, 3 მილიარდამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. გარდა ამისა, მათი აზრით, ტურისტების საერთო რაოდენობა გაიზრდება 8 მილიონამდე, კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კი 250 000-ით. პაატა ბურჭულაძის პარტია პირობას იძლევა, რომ ყოველი მესამე ღარიბი ადამიანი დაძლევს სიღარიბეს, ბიუჯეტის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან შემცირდება 30 %-მდე და ბიუროკრატიული ხარჯების წილი სახელმწიფო ხარჯებში შემცირდება. 

კომენტარები