გადატრიალების მცდელობა თურქეთში

შსს: საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეზღუდულია, ხოლო საპირისპირო მიმართულებით - თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში - შეუფერხებლად ხორციელდება. შეზღუდვა ეხება როგორც სახელმწიფო სახმელეთო საზღვარს, ასევე საქართველოს აეროპორტების გამტარ პუნქტებს. ამის შესახებ შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, როგორც სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის, ასევე საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეზღუდულია, ხოლო საპირისპირო მიმართულებით - თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში - შეუფერხებლად ხორციელდება.

შს მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადასულია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე. მობილიზებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სრული პირადი შემადგენლობა, განსაკუთრებით კონტროლდება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულება. ასევე, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დეპარტამენტის მცურავი საშუალებები, რომლებიც აჭარის აკვატორიას აკონტროლებენ.

შსს-ს არსებული სიტუაციისადმი ადეკვატური ზომები აქვს მიღებული, რათა უსაფრთხოების დონე კვლავ დარჩეს მაღალ ნიშნულზე" - აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

15 ივლისს თურქეთში სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ ქვეყანას ისინი აკონტროლებენ. დედაქალაქ ანკარაში სროლის ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტამბოლში, ბოსფორის გასწვრივ ორი ხიდი დაკეტეს. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში შენიშნეს ჯავშანტექნიკა და სამხედროებიც. ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. ბოლო ინფორმაციით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 1563 ჯარისკაცი დააკავეს. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ადგილობრივ მედიას შაბათს გამთენიისას განუცხადა, სამხედრო გადატრიალება დასრულდა და ძალაუფლება კვლავ ხელისუფლების ხელშია.

კომენტარები