საკონსტიტუციო სასამართლო

კაპანაძე: იმედია, საკონსტიტუციო უგულავას საქმეზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

სერგი კაპანაძე
თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც დღეს გიგი უგულავას საქმეს განიხილავს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

"დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას საქმეს განიხილავს, რომელიც მეორე რეზონანსულ - კაბელების საქმესთანაა გაერთიანებული. საჩივრდება სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული 182-ე მუხლი, რომელიც გაფლანგვას ეხება.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განხილვა, რადგან გაფლანგვის მუხლი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა. სწორედ ამ მუხლით ხდება მთელ რიგ პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორება. ვიმედოვნებთ, რომ ამას საკონსტუტიციო სასამართლო გაითვალისწინებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

აქვე მინდა ყველას გავახსენო, რომ ორჯერ უკვე საკონსტუტიციო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ის უკანონოდ, არაკონსტიტუციურად გაათავისუფლეს და როდესაც მისი წინასწარი პატიმრობა კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გახანგრძლივდა. სწორედ ასეთივე სწორ გადაწყვეტილებას ველოდებით ამ შემთხვევაშიც", - თქვა კაპანაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მსჯელობენ, გააგრძელონ თუ არა გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა, რომლებზეც გუშინ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საუბრობდა. მოსამართლეთა ნაწილი თვლის, რომ ამ საქმის განხილვა მანამ უნდა შეწყდეს, სანამ შესაძლო ზეწოლაზე პროკურატურის დასკვნა არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, "მუდმივად იქნება ეჭვები არაობიექტურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით". გადადების შუამდგომლობა მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა დააყენა, რასაც ოთარ სიჭინავა, ზაზა თავაძე და მერაბ ტურავა დაეთანხმნენ.

კომენტარები