სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ 94 თანამშრომელი გაათავისუფლა

Ozan Kose / AFP

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ 94 თანამშრომელი, მათ შორის, რამდენიმე მსაჯი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით გაათავისუფლა.

„ჩვენმა ფედერაციამ საჭიროდ მიიჩნია 94 ადამიანის გათავისუფლება, მათ შორის არიან რეგიონული და ეროვნული დონის მსაჯები და დამხმარე მსაჯები, რეგიონულ მსაჯთა კომიტეტის წევრები და ეროვნული და რეგიონული დამკვირვებლები", - ნათქვამია თურქეთის ეროვნული ფედერეციის განცხადებაში.

ფედერაციას დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია, თუმცა, თურქული მედიის ცნობით, ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი სუპერ ლიგის მოქმედი მსაჯია. მედიას მისი სახელი არ დაუსახელებია.

თანამშრომლების გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე საფეხბურთო ფედერაციამ განცხადება გააკეთა, რომ ფედერაციის კომიტეტების ყველა წევრი გადადგა, რათა გამოძიებას გამოეკვლია - აქვთ თუ არა მათ ფეთულა გულენთან კავშირი.

თურქეთში გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორების თვითმფრინავი 16 ივლისის ღამეს ბეშიქთაშის საფეხბურთო სტადიონზე დაეშვა. ამან აღძრა ეჭვი, რომ გადატრიალებაში ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მოწყობის მცდელობაში სასულიერო ლიდერ ფეთულა გიულენს ადანაშაულებს, რომელიც პენსილვანიაში ცხოვრობს. თავად გიულენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. გადატრიალების მცდელობას 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 104 აჯანყებული.

მომხდარის შემდეგ თითქმის 50 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან კონტრაქტები შეუჩერეს. მათ შორის არიან 15 200 მასწავლებელი და 1500 დეკანი. გარდა ამისა, თურქეთის განათლების უმაღლესმა საბჭომ ყველა მეცნიერს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. ასევე, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთში ყველა სამხედრო აკადემია დაიხურება.

 

კომენტარები