საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის სრული შემადგენლობა იმყოფება

საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის სრული შემადგენლობა იმყოფება. მოსამართლეები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ სარჩელს განიხილავენ. საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მისივე ფუნქციონირების შესახებ კანონში ცვლილებების კონსტიტუციურობაზე უნდა იმსჯელოს.

საქმე ეხება პარლამენტის მიერ ივნისში მიღებულ შესწორებებს, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის კრიტიკის ობიექტი გახდა. მათი შეფასებით, მიღებული ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის.

კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია ის ნორმები, რომლებიც შეეხება თავმჯდომარის ან/და თავმჯდომარის მოადგილის ხელმეორედ არჩევის აკრძალვის კონსტიტუციურობას, 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ავტომატური შეწყვეტის კონსტიტუციურობას, სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებთ პლენუმის იურისდიქციისა და ნორმათა მხოლოდ განმწესრიგებელ სხდომაზე შეჩერების შესაძლებლობის კონსტიტუციურობას, საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით პლენუმის იურისდიქციის კონსტიტუციურობას, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ პლენუმისათვის საქმის გადაცემის არსებული მოდელის კონსტიტუციურობას, გადაწყვეტილების ძალაში შესვლისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს სრული ტექსტის გამოქვეყნების ვალდებულების კონსტიტუციურობას, პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი კვორუმის კონსტიტუციურობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის ამოქმედების გადავადების კონსტიტუციურობას და სხვ.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელისგან განსხვავებით, როდესაც გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა მოსამართლეების გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა, დღეს პლენუმის ყველა წევრი სასამართლოში იმყოფება.

კომენტარები