გაზისა და ნავთობის კორპორაცია

საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის მოგება 32-ჯერ გაიზარდა

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგური
gogc.ge

სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მეორე უმსხვილესი კომპანიის მოგება წინა წელთან შედარებით 33-ჯერ გაიზარდა. გაზისა და ნავთობის კორპორაციამ 2016 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის წმინდა მოგებამ 93.8 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის მოგება მხოლოდ 2.9 მილიონი ლარი იყო.

გაზისა და ნავთობის კორპორაციის მოგების ასეთი ზრდა ახლადგახსნილ გარდაბნის თბოელექტროსადგურს უკავშირდება. კომპანიამ ექვსი თვის მანძილზე ამ თბოსადგურში გამომუშავებული 86 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგია მიაწოდა ელექტროსისტემას. ჯამში კომპანიის მთლიანმა შემოსავლებმა 326 მილიონი შეადგინა. პერიოდის მანძილზე კომპანიის შემოსავლების 28% წმინდა მოგებას წარმოადგენდა.

გაზის და ნავთობის კორპორაცია საქართველოში ბუნებრივი აირის მთავარი იმპორტიორია. სწორედ ეს კომპანია იღებს სოკართან გაფორმებული სპეციალური კონტრაქტის მეშვეობით ბუნებრივ აირს. წლის პირველ ნახევარში კორპორაციამ ბაზარზე 190 მილიონი ლარის ღირებულების ბუნებრივი აირი გაყიდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 187 მილიონი ლარი იყო.

გაზის და ნავთობის კორპორაცია საპარტნიორო ფონდის შემადგენლობაშია. კომპანია რკინიგზასთან ერთად ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების დაფინანსების მთავარი წყაროა. რკინიგზას ჯერჯერობით საკუთარი ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

კორპორაციის მთლიანი აქტივები 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

კომენტარები